რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

REUTERS: მოლდოვა მოკავშირეებისგან საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ითხოვს

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ
Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოლდოვამ მოკავშირეებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სთხოვა. მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, რუსეთის მიერ მოლდოვაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობები ჯერჯერობით უშედეგოა, თუმცა საფრთხის პირისპირ მოლდოვა უკრაინასთან ერთად საჰაერო სადაზვერვო და თავდაცვითი სისტემების მიღებას იმედოვნებს.  

"ჩვენ ვითხოვეთ საჰაერო სადაზვერვო და თავდაცვითი სისტემები. გვესმის, რომ ამჟამად პრიორიტეტი უკრაინაა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ გარკვეულ რაოდენობას ჩვენც მივიღებთ". - თქვა სანდუმ Reuters-თან ინტერვიუში.  

პრეზიდენტმა განმარტა, რომ ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი გაზრდილია და მიმდინარეობს ევროკავშირთან მოლაპარაკებები საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით. მაია სანდუმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგობის წყალობით მოლდოვა ამჟამად დაცულია. 

Reuters-ის ინფორმაციით, მოლდოვა მოსკოვს დნესტრისპირეთის (პრორუსული სეპარატისტული რეგიონი) დანარჩენი ქვეყნის წინააღმდეგ დესტაბილიზაციისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. სანდუს თქმით, ამ დრომდე ეს მცდელობები წარუმატებელია და არც ერთ მხარეს კონფლიქტი არ სურს.

"რუსეთმა სცადა მოლდოვის მთავრობის წინააღმდეგ კორუფციული ჯგუფებისა და პრორუსული პარტიების მობილიზაცია. მას პარლამენტისა და პრეზიდენტის დამხობა სურს. ჯერჯერობით ჩვენ სტაბილურობას ვინარჩუნებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მცდელობას შეწყვეტს". - ამბობს მოლდოვის პრეზიდენტი ინტერვიუში. 

კომენტარები