რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NY Times: აშშ-მ უკრაინაში საარტილერიო ჭურვები ისრაელში მდებარე საცავიდან გაგზავნა

უკრაინელი სამხედროები Krab-ის ტიპის პოლონური თვითმავალი ჰაუბიცით რუსების პოზიციებს ცეცხლს უხსნიან. უკრაინა, დონეცკი, 2023 წლის 17 იანვარი.
REUTERS/Oleksandr Ratushniak

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი აშშ-სა და ისრაელის ოფიციალურ, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონმა კიევს საარტილერიო ჭურვები ისრაელში მდებარე საცავიდან გაუგზავნა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს მარაგები ფართოა, თუმცა მათ შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. საცავში განთავსებულია საბრძოლო მასალა, რომელიც პენტაგონს ახლო აღოსავლეთის კონფლიქტებში სჭირდებოდა. ამას გარდა, მარაგის გამოყენების უფლება ვაშნგტონმა ისრაელსაც მისცა.

NY Times-ი აღნიშნავს, რომ უკრაინა ძირითადად დასავლური საარტილერიო დანადგარების გამოყენებაზეა გადასული და მათ ამ იარაღებისთვის ჭურვები სჭირდებათ, რადგან ორივე მხარე არტილერიაზე დიდად არის დამოკიდებული. 

ასევე, როგორც ამერიკული გამოცემა წერს, სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ომის შედეგები შესაძლოა იმ ფაქტორმა გადაწყვიტოს, თუ პირველს ვის ამოეწურება საარტილერიო საბრძოლო მასალა. რადგან ამერიკაში იარაღის მწარმოებლებს ამ ეტაპზე ჭურვების მოთხოვნის შესაბამისი ტემპით დამზადება არ შეუძლიათ, პენტაგონმა ორ ალტერნატივას: სამხრეთ კორეასა და ისრაელში მდებარე საცავებს მიმართა. აქამდე, ისრაელში განთავსებული მარაგების უკრაინისთვის გამოყენების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

როგორც NY Times-ი წერს, ისრაელის ოფიციალური პირები თავდაპირველად გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ ამ მარაგებიდან უკრაინისთვის ჭურვების გადაცემას, შესაძლოა, მათი რუსეთთან ურთიერთობისთვის ზიანი მიეყენებინა.

ისრაელი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე უარს ამბობს, რადგან ეშინიათ, რომ ეს მოსკოვთან ურთიერთობას გააუარესებს. რუსეთს კი ისრაელის მეზობელ ქვეყანაში, სირიაში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად სამხედრო კონტინგენტი ჰყავს. იერუსალიმი სირიაში მდებარე სამხედრო ობიექტებზე ირანის მხარდაჭერილი ჯგუფების წინააღმდეგ საჰაერო და სარაკეტო იერიშებს პერიოდულად ახორციელებს.

როგორც გამოცემასთან აშშ-სა და ისრაელის წყაროებმა თქვეს, კიევისთვის განკუთვნილი 300 000 ჭურვის ნახევარი უკვე ევროპაშია და უკრაინაში პოლონეთის გავლით შევა. 

ამ დრომდე აშშ-მ უკრაინას გადასცა, ან დაჰპირდა რომ გადასცემდა მილიონზე მეტ 155-მმ-იან ჭურვს. როგორც NY Times-ის ამერიკელი წყარო ამბობს, ამის ნახევარზე ნაკლები კორეასა და ისრაელის მარაგებიდან გამოიყო.

კომენტარები