რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დნიპროში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა – დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

დნიპროში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა - მაშველებმა დაბომბილი კორპუსის ნანგრევების გაწმენდა დაასრულეს. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების შეტევას 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ამდინისტრაციის თავმჯდომარე, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. 

45 დაღუპულიდან 6 ბავშვია. როგორც Telegram არხზე რეზნიჩენკო წერს, დაღუპულთაგან ყველაზე პატარა წლამდე ჩვილია. 

ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 79 მოქალაქე, მათგან 16 ბავშვი. მაშველებმა 39 ადამიანი გადაარჩინეს. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვერ იპოვეს 25-მდე ადამიანი, რომლებიც დაბომბვის დროს კორპუსში უნდა ყოფილიყვნენ. როგორც ქალაქის მერი ამბობს, მაშველებმა ზოგიერთი ცხედრის მხოლოდ ნაწილს მიაგნეს, ამიტომ, მისივე თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ დაკარგულების პოვნა ვერ მოხერხდეს.

15 ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის. კორპუსში მცხოვრებ 4 ბავშვს ორივე მშობელი დაეღუპა, 2 ბავშვზე სახელმწიფო სამსახურები ზრუნავენ, რადგან მათ არ ჰყავთ ნათესავი, რომელიც შეიფარებს. 

რუსმა ოკუპანტებმა დნიპრო 14 იანვარს დაბომბეს, თავდასხმის შედეგად მთლიანად ჩამოინგრა კორპუსის ერთი ნაწილი. ოკუპანტებმა Х-22 ტიპის რაკეტა გამოიყენეს. 

კომენტარები