რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელარუსში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკრაინის მხარეს ბრძოლას აპირებდა

ქართული ლეგიონის შევრონი

ბელარუსის სამთავრობო მედიის, ბელარუს 1-ის რეპორტაჟის მიხედვით, მათმა სპეცსამსახურებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, გიორგი ზირაქაშვილი, რომელიც უკრაინაში მოხალისედ წასვლას აპირებდა. 

სიუჟეტში ნათქვამია, რომ ზირაქაშვილი არის 36 წლის, რომელიც ცხოვრობდა პოლონეთში და ჰყავდა უკრაინელი ცოლი. ის პოლონეთიდან საქართველოში ჩამოვიდა, როდესაც გაიგო, რომ საიმიგრაციო წესების დარღვევის გამო, ევროკავშირის ტერიტორიაზე ვეღარ შევიდოდა.

როგორც ბელარუსის სამთავრობო მედია ამბობს, დაკავებული ქართულ ლეგიონში გაწევრიანებას აპირებდა. მათივე მტკიცებით, ის ბელარუსში თბილისში უკრაინის საელჩოდან გაგზავნეს. მედია უკრაინის საელჩოებს მოქირავნეთა გადმობირებაში ადანაშაულებს, მათ შორის უკრაინის ელჩს ბელარუსში, იგორ კიზიმს.

ბელარუს 1-ის მტკიცებით, ზირაქაშვილს თბილისში მდებარე უკრაინის საელჩოში უთხრეს, რომ უკრაინაში გადასვლას ის მოლდოვიდან, პოლონეთიდან ან ბელარუსიდან შეძლებდა.

რუსულენოვანი მედია Настоящее Время წერს, რომ ბელარუსის სამთავრობო მაუწყებლობა უკრაინის საელჩოს ხალხის საბრძოლოდ გადაბირებაში სამხილების გარეშე ადანაშაულებს. ამას გარდა, მათივე თქმით, კადრები, რომლებშიც ზირაქაშვილი თითქოსდა უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს ხვდება, რეალურად ბელარუსის ძალოვანი უწყებების თანამშრომლები არიან.

ზირაქაშვილი ბელარუსის სამთავრობო არხის რეპორტაჟში ამბობს, რომ ის ცდილობდა დაკავშირებოდა ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს, თუმცა ეს უკანასკნელი არ პასუხობდა. 

როგორც რადიო თავისუფლების ქართული სამსახური წერს, ისინი დაუკავშირდნენ მამუკა მამულაშვილს, რომელმაც თქვა, რომ ბელარუსის სამთავრობო მედიის მიერ ნახსენები პიროვნების ვინაობა მისთვის უცნობია.

კომენტარები