მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ამერიკელი ექიმი: თუ სააკაშვილს ოპერაცია არ ჩაუტარდა, ის საერთოდ ვეღარ შეძლებს სიარულს

მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან სრულად გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ამერიკელ ექიმს, ჯეიმს კობის კითხავენ.

ჯეიმს კობის თქმით, MRI კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სააკაშვილს აქვს არითრიტი მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში, რაც ძლიერ ტკივილს იწვევს.

"მე მქონდა საშუალება, მიხეილ სააკაშვილის რენტგენის სურათები მენახა და ეს იყო ჩემი საექსპერტო დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილი. მე გავსინჯე პაციენტი 8 ოქტომბერს. შეიმჩნეოდა, რომ კისერი იყო გამაგრებული. იყო ძლიერი ტკივილი, რის გამო თავსაც ვერ ხრიდა მარცხნივ. პრაქტიკულად, მარცხენა ხელს ვერ ეყრდნობოდა და ტკივილიც ახლდა. MRI კვლევის შედეგად დავადგინე, რომ იყო ართრიტი. ვნახე მისი მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენის სურათი, ასევე MRI-ს კვლევის სურათი. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ართრიტი არის მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში". – თქვა ექიმმა.

ამერიკელი ექიმის თქმით, სააკაშვილს ესაჭიროება  ქირურგიული ოპერაცია და იმ შემთხვევაში, თუ ეს ოპერაცია დროულად არ ჩაუტარდა, ვითარება კიდევ უფრო გართულდება და ის ფეხზე დადგომას და სიარულს საერთოდ ვეღარ შეძლებს.

"აღმოჩენილი ართრიტები შეიძლება იყოს შედეგი ტოქსიკური ზემოქმედების. ვერცხლისწყალი ის ელემენტია, რომელიც იწვევს სახსრების დაზიანებას. მას მალთაშუა დისკი აქვს დაზიანებული. ვფიქრობ, კისრის პრობლემა, მარცხენა მხრისა და სახსრის პრობლემა არის ყველაზე სერიოზული. მას სჭირდება ქირურგიული ოპერაცია კისერზე და ასევე მარცხენა მხრის სახსარზე. ეს ოპერაციები თუ დროულად არ ჩატარდა, მოძრაობები აქვს გართულებული, ეს კიდევ გართულდება და ის საერთოდ ვეღარ შეძლებს ფეხზე დადგომას ან სიარულს". – ამბობს ექიმი.

კომენტარები