რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლიტპატიმრის სტატუსით გამოშვებული შოთა აფხაიძე ზელენსკიმ სანქციების სიაში შეიყვანა

კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის დამფუძნებელი და კრემლის პროპაგანდისტი შოთა აფხაიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს.

სანქციების სიაში ცვლილებების შეტანის წინადადებით ზელენსკის უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მიმართა.

სანქციების განახლებულ სიაში 1981 წელს დაბადებული შოთა აფხაიძე მოხსენიებულია, როგორც რუსეთის მოქალაქე. მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას, ფინანსური აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეჩერებას და სხვა შეზღუდვებს.

შოთა აფხაიძე საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის იანვრის ამნისტიის აქტით, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. აფხაიძე სასჯელს 2010 წელს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრებთან ერთად შეჭრის და სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ინციდენტის გამო იხდიდა.

კომენტარები