მიხეილ სააკაშვილი

"თუ პატრონები სააკაშვილს ვერ გაათავისუფლებენ, მისი მოშორების გეგმა რჩება" – ხალხის ძალა

საზოგადოებრივი მაუწყებელი / 1tv.ge

ივანიშვილის დეპუტატები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, თუ "პატრონები" სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ შეძლებენ, მაშინ მისი, “როგორც ოქროს მოწმის მოშორების გეგმა” რჩება. ივანიშვილის დეპუტატები ამბობენ, რომ სააკაშვილი მის "პატრონებს" აშანტაჟებს და ემუქრება, რომ 2008 წლის ომთან და 2021 წელს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით “სიმართლეს” იტყვის.

"მიხეილ სააკაშვილის პატრონებმა სულ უფრო მოუხშირეს იმაზე საუბარს, რომ ციხეში სააკაშვილის შესაძლო სიკვდილმა შეიძლება, საქართველოს მომავალი განსაზღვროს. ამ თემაზე საჯაროდ ბოლოს მაიკლ მაკფოლმა ისაუბრა. რამდენადაც ვიცით, სააკაშვილის პატრონებს იგივე მესიჯი აქვთ დალაგებული ხელისუფლების ლიდერებთან შეხვედრებზეც, რომლებიც დახურულ კარს მიღმა იმართება. აღნიშნული მესიჯი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი თავის პატრონებს კონკრეტული თემებით აშანტაჟებს. სააკაშვილი პატრონებს ემუქრება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით არა მხოლოდ ყველაფერს მოყვება, არამედ, შესაბამის მტკიცებულებებსაც გაასაჯაროებს. იგივე ეხება რევოლუციის მოსაწყობად სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციასაც, რაზეც ის პატრონებს ასევე მტკიცებულებების დადებით ემუქრება. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ და ხელისუფლების დაშანტაჟებასაც გააგრძელებენ. თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B - სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება". - წერია განცხადებაში.

ივანიშვილის დეპუტატები ამბობენ, რომ სააკაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი "პატრონები" 2 კურდღელს დაიჭერენ. 

"პირველი, მოიშორებენ ოქროს მოწმეს, რომელსაც ციხეში ნულოვანი პოლიტიკური ფასი აქვს და მეორე და მთავარი, სააკაშვილის სიკვდილს ხელისუფლებას დააბრალებენ და ამ საბაბით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას შეეცდებიან, რისი საბოლოო მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნება". - წერია განცხადებაში.

ივანიშვილის დეპუტატები ხელისუფლებას “მაქსიმალური სიფრთხილისკენ” მოუწოდებენ, რათა მათივე თქმით, სააკაშვილის "პატრონებს" არცერთი ამ გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ.

კომენტარები