მკვლელობა ავღანეთში

ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა ყოფილი დეპუტატი მოკლეს

ავღანეთის პოლიციის განცხადებით, დედაქალაქ ქაბულში ავღანელი ყოფილი დეპუტატი და მისი დაცვა საკუთარ სახლში მოკლეს. 

32 წლის მურსალ ნაბიზადა ერთ-ერთი იყო რამდენიმე ქალი დეპუტატიდან, რომლებიც ქაბულში მას შემდეგ დარჩნენ, რაც თალიბანმა 2021 წლის აგვისტოში ავღანეთის მთავრობა დაამხო და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. 

ქაბულის პოლიციის სპიკერმა, ხალიდ ზანდრანმა თქვა, რომ მომხდარზე უსაფრთხოების ძალებმა სერიოზული გამოძიება დაიწყეს. 

ყოფილმა დეპუტატმა, მარიამ სოლაიმანხილმა თქვა, რომ ქალბატონი ნაბიზადა იყო "ნამდვილი მკვლევარი - ძლიერი, გულწრფელი ქალი, რომელიც მხარს უჭერდა იმას, რისიც სწამდა, საფრთხის მიუხედავად".

ყოფილი კოლეგები ნაბიზას "ავღანეთის უშიშარ ჩემპიონად" მოიხსენიებენ, რომელმაც უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე. 

მურსალ ნაბიზადა პარლამენტის წევრად 2018 წელს აირჩიეს. ის პარლამენტის თავდაცვის კომისიის წევრი იყო და ადამიანური რესურსების განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტში მუშაობდა. 

"მე ვარ ძალიან სევდიანი და გაბრაზებული და მინდა, რომ მსოფლიომ იცოდეს!" - თქვა ევროპარლამენტის წევრმა, ჰანა ნოიმანმა. 

დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, აბდულა აბდულამ თქვა, რომ მურსალ ნაბიზადას სიკვდილით დამწუხრებულია და იმედოვნებს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. 

მას შემდეგ, რაც 2021 წელს თალიბანი ხელისუფლებაში დაბრუნდა, ქალები საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროდან გააძევეს. 

კომენტარები