რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა

NYT: როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში – სატვირთო მანქანების რიგი საქართველოს გავლით

The New York Times აქვეყნებს სტატიას, სახელად - "როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში: სატვირთო მანქანების გრძელი რიგი საქართველოს გავლით".

სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვართან ყოველდღიურად სატვირთო მანქანების ქარავანია გადაჭიმული და, როგორც ჩანს, მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. სატვირთო მანქანის მძღოლები თავიანთი ტვირთით დღეების განმავლობაში იცდიან რიგში, სადაც მათ მანქანის ნაწილები, სამრეწველო მასალები, ქიმიური პრეპარატები და სხვა მრავალგვარი საქონელი რუსეთში გადააქვთ - იქ, სადაც დასავლურ საქონელზე მოთხოვნა დიდია.

"უკრაინის ომმა რუსეთის ევროპასთან არსებული სავაჭრო კავშირების დიდი ნაწილი მალევე გაწყვიტა, თუმცა რუსეთმა სწრაფად იპოვა ალტერნატიული გზები იმპორტისთვის - ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველო რუსეთსა და გარესამყაროს შორის მოხერხებულ ლოჯისტიკურ არხად ჩამოყალიბდა". - წერია სტატიაში.

სტატიაში განხილულია, რომ საქონლის საქართველოსა და მეზობელი ქვენების, სომხეთისა და აზერბაიჯანისგან შეძენა რუსეთს უკრაინაში ომის დაწყებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გადალახვაში დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საქონელი მწირია და ბევრმა დასავლურმა კომპანიამ რუსეთში საქმიანობა შეაჩერა, მთავრობის ცნობით, რუსეთის ეკონომიკა გასულ წელს მხოლოდ 3%-ით შემცირდა. 

სტატიაზე დაყრდნობით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები ბუნდოვანია, კოლაფსი, რომელიც ზოგიერთმა ეკონომისტმა დასავლეთის სანქციების პირობებში იწინასწარმეტყველა, არ შედგა.

TBC Capital-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2022 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში თურქეთსა და რუსეთს შორის ტვირთების ტრანზიტი სამჯერ გაიზარდა და მისი დიდი ნაწილი საქართველოს გზებზე მოძრაობდა. რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ცნობით, საქართველოდან გადმოსული სატვირთო მანქანები 2021 წელთან შედარებით, გასულ წელს, დაახლოებით, ორჯერ გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, სასაზღვრო გამშვები პუნქტი ამხელა დატვირთვას ვერ უძლებს. 

რუსეთის საბაჟო სამსახური გადამამუშავებელი ზოლების რაოდენობის გაფართოებაზე მუშაობს, ხოლო საქართველო ავტომაგისტრალის ყველაზე პრობლემურ ნაწილზე, რომელიც დროდადრო ზვავების გამო იკეტება,  9 კილომეტრიან გვირაბს აშენებს. 

როგორც NYT-ის სტატიაში ვკითხულობთ, შეუძლებელია იმის თქმა, რამდენად ექვემდებარება საქართველოდან გადასული ევროპული ტვირთი ევროკავშირის სანქციებს, მაგრამ საქართველოს რუსეთთან კომერციის მთავარი რგოლის გამოჩენა ხაზს უსვამს ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის პოტენციურ ხარვეზებს.  

"საქართველოს მთავრობამ აღნიშნავს, რომ ისინი მკაცრად აღასრულებენ დასავლეთის სანქციებს და ამბობენ, რომ ხშირად გადაზიდვებს აუქმებენ, მაგრამ პარლამენტში მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ რუსეთში საქონელი და ფული ძირითადად შეუფერხებლად მიედინება". - წერია NYT-ის სტატიაში.  

NYT საკითხზე ესაუბრა მარია შაგინას, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროს მკვლევარს.

"საქართველოს შემთხვევა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ მისცეს მესამე მსოფლიოს ქვეყნებმა სანქცირებულ ქვეყნებს საშუალება, გვერდი აუარონ სავაჭრო შეზღუდვებს…

საქართველო ახორციელებს დამაბალანსებელ აქტს მის ოფიციალურ პროდასავლურ ორიენტაციასა და რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას შორის". -  თქვა მან. 

რუსული ბაზრის საკონსულტაციო კომპანიის მმართველის, ივან ფედიალოკოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საკვების უმეტეს ნაწილს თავად აწარმოებს და სამომხმარებლო საქონელს აზიიდან იღებს, ქართული მარშრუტი რუსეთს ევროპული ნაწილებისა და ქარხნების ნედლეულის პრობლემური დეფიციტის გადაჭრაში დაეხმარა. 

"მაისიდან რუსეთმა 20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი მიიღო, ე.წ. პარალელური იმპორტის პროცესის მეშვეობით - როდესაც რაღაც შემოაქვთ ქვეყანაში სასაქონლო ნიშნის მფლობელი კომპანიის თანხმობის გარეშე". - თქვა რუსეთის საბაჟოს ხელმძღვანელმა სამთავრობო ტელევიზიასთან ინტერვიუში. 

რუსეთის ცენტრალური ბანკის თანახმად, ტვირთის დიდი ნაწილი მანქანებისა და ქარხნების აღჭურვილობისგან შედგება. 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთმა იმპორტის ომამდელი დონე თითქმის აღადგინა.

კომენტარები