მიხეილ სააკაშვილი

ხაჭაპურიძე: მაგნიტსკის სიის ანალოგი მზადაა, მასში 20-მდე პირი შევა, მათ შორის, ბრეგაძე

ხაჭაპურიძე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მაგნიტსკის სიის ქართული ანალოგი უკვე მზადაა. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სიაში დაახლოებით 20 ადამიანამდე შევა, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.

"მაგნიტსკის სიაზე საუბარი იყო. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით და ამ სიას ხვალ-ზეგ გავასაჯაროებთ, რომელიც უკვე ჯიბეში მიდევს. ამ სიაში რატი ბრეგაძეც იქნება [...] არა მარტო რატი ბრეგაძე, ამ სიაში სხვა პირებიც არიან, სადღაც 20 ადამიანამდე [...] სიაში არიან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მოსამართლეები, ზოგიერთი ექიმი და ექთანი [...] კლინიკა ვივამედის არც ექიმი არ არის და არც ექთანი [...] ძირითადად, საუბარია გორის ჰოსპიტალზე [...] ასევე, სიაში იქნებიან პროკურორები, ვინც 4 ოქტომბერს ვივამედში სასამართლო პროცესის გამართვაში იღებდნენ მონაწილეობას". - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

დღეს, 12 იანვარს შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტში იმყოფებოდა. ის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძესა და იურისტების ჯგუფს შეხვდა, რომლებიც აღნიშნული სიის შედგენაზე მუშაობენ. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, ამ სიაში ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც, მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და კანონდარღვევას სჩადიოდნენ. 

იქამდე, 9 იანვარს ნაციონალური მოძრაობის წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ე.წ. სააკაშვილის სიაში ყველა ის ადამიანი შევა, რომელიც, მისივე თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობს. 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ ბრიტანელ ფინანსისტსა და პუტინის რეჟიმის კრიტიკოსს, მაგნიტსკის აქტის ავტორს, ბილ ბროუდერს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, რომ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს მანამ, სანამ მისთვის ლეტალური შედეგი დადგება.

ბროუდერმა სააკაშვილის წერილს უპასუხა და ექსპრეზიდენტს სთხოვა, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოწამვლასა და წამებაზე. ბროუდერი სააკაშვილს დაჰპირდა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაგნიტსკის სანქციებისთვის დასავლური ქვეყნების მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ.

კომენტარები