რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინის მტკიცებით, ვაგნერმა ქალაქი სოლედარი სრულად დაიკავა

ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებული პრორუსული ტელეგრამ-არხის მიერ გავრცელებული ფოტო, რომელშიც, მათი მტკიცებით, ევგენი პრიგოჟინი სოლედარში მყოფ ვაგნერელებთან ერთადაა

რუსი ოლიგარქისა და ომის დანაშაულებში ბრალდებული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, მისმა ძალებმა ქალაქი სოლედარი სრულად დაიკავეს.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც ტყვედ ჩაბარებაზე უარი თქვეს, გაანადგურეს და მოკლულია 500-მდე სამხედრო. 

"ვიწყებთ საბადოების წმენდას". – წერს პრიგოჟინი. 

პარალელურად, ამავე ინფორმაციას ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფი ტელეგრამ-არხი ავრცელებს ფოტოთი, რომელშიც, მათი მტკიცებით, ჩანს ევგენი პრიგოჟინი სოლედარში მყოფ ვაგნერელებთან ერთად. მსგავსი ფოტო 11 იანვრის დილითაც გავრცელდა, რომელზეც უკრაინის გენშტაბმა თქვა, რომ სურათი სოლედარის მაღაროებში გადაღებული არ ყოფილა. 

პრიგოჟინის ცნობას უკრაინა ჯერჯერობით არ ეხმაურება.

პრიგოჟინის დაუდასტურებელ ცნობამდე რამდენიმე წუთით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სოლედარს რუსეთის ძალები სრულად ვერ აკონტროლებდნენ.

"ახლა ტერორისტი სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ჩვენი ქალაქის, ოკუპანტების მიერ თითქმის სრულად განადგურებული სოლედარის ნაწილი თითქოსდა რუსეთის რაღაც მიღწევაა. ისინი ამას ამგვარად საკუთარ საზოგადოებას ასე წარუდგენენ და უკვე აჩვენებენ იმიტომ, რომ მობილიზაციას მხარი დაუჭირონ და იმედი მისცენ მათ, ვინც ამ აგრესიას მხარს უჭერს. ბრძოლე გრძელდება. დონეცკი მიმართულება ჯერ კიდევ დგას". – თქვა ზელენსკიმ.

რამდენიმე საათით ადრე, CNN-ი წერდა, რომ ქალაქი სოლედარიდან რამდენიმე კილომეტრში ინტენსიურად ისმოდა არტილერიის ხმა და უკრაინელთა უკანდახევის ნიშნები არ შეინიშნებოდა.

აქამდე, 11 იანვრის დილით პრიგოჟინმა გაავრცელა ცნობა, რომ მისმა ძალებმა ქალაქი სოლედარი, თითქოსდა, თითქმის სრულად დაიკავეს და მხოლოდ მცირე ბრძოლები გრძელდებოდა. 

პრიგოჟინმა რამდენჯერმა გაუსვა ხაზი, რომ სოლედარის მიმართულებით მხოლოდ ვაგნერის ჯგუფი იბრძოდა და არა რუსეთის რეგულარული ჯარი ან სხვა დანაყოფი. 

დონეცკის ოლქში მდებარე სოლედარი, რომელიც მარილის საბადოებით ცნობილი პატარა ქალაქია, რუსეთს ბახმუტის მიმართულებით იერიშების გაძლიერებისთვის სჭირდება. თუმცა, როგორც ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში იყო ნათქვამი, ამ ქალაქის დაკავების შემთხვევაში ბახმუტი პირდაპირ ალყაში არ მოექცევა. ქალაქ სოლედარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი და აქ გამართულ ბრძოლებს საკუთარი ვაგნერის ჯგუფის რეკლამირებისთვის იყენებს. თუ რუსეთი სოლედარს დაიკავებს, ეს, ბოლოდროინდელი მარცხების შემდეგ, მათი პირველი წარმატება იქნება.

კომენტარები