მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მოვუწოდებ არასამთავრობოებს, ჩაერთონ მაგნიტსკის სიაში სუბიექტების შეყვანაში

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ აქტიურად ჩაერთონ მის მიერ ინიცირებულ მაგნიტსკის სიაში იმ სუბიექტების შეყვანაში, რომლებიც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებაში უშლიან ხელს.

"გუშინდელი სასამართლო პროცესიდან, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების გამოსვლიდან მე გავიგე რამდენიმე რამ: 1. სამინისტრო არ ენდობა არცერთი მისი შერჩეული ექიმის დასკვნას.

2. ის, რომ ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში, 50 კილო დავიკელი, ვერ დავდივარ და ა.შ. 2017 წლის კიევის მოვლენების ბრალი ყოფილა. Ჩემი აზრით, 4 წლის ასაკში ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი და სამი კბილი მოვიტეხე – სინამდვილეში ესაა ყველაფერში დამნაშავე და არა ის, რომ მირტყეს, ასფალტზე და იატაკზე მათრიეს, შუმოკი მომიწყვეს და მომწამლეს თბილისში. ვინმე ნიკოლაიშვილი ეუბნება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს, რომ არ ვენდობი შენს დიაგნოზსო, ოღონდ ამ ნიკოლაიშვილს გორის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და პრაქტიკულად გენიოს ლაჰანს (რომელიც 12 წლის ასაკში გახდა სტუდენტი, დაჯილდოებულია ამერიკის ყველა მთავარი ჯილდოთი) ეკამათება მედიცინაზე.

ყველაფერი ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთქმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი. რაც შეეხება მსგავსი სუბიექტების გლობალური მაგნიტსკის სიაში ჩართვას, მე მოვუწოდებ ამ საქმეში აქტიურად ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან ეს არაა პარტიული საკითხი". – წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა მაგნიტსკის აქტის ავტორ ბილ ბროუდერს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, რომ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს მანამ, სანამ მისთვის ლეტალური შედეგი დადგება

ბროუდერმა სააკაშვილის წერილს უპასუხა და ექსპრეზიდენტს სთხოვა, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოწამვლასა და წამებაზე. ბროუდერი სააკაშვილს დაჰპირდა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაგნიტსკის სანქციებისთვის დასავლური ქვეყნების მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ.

კომენტარები