ენმ

დოლიძე: ენმ-ს აქვს ორი მხარე – ცნობილი ბნელი მხარე და რეფორმები

ანა დოლიძე
ანა დოლიძე

მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ორი მხარე აქვს - "ცნობილი ბნელი მხარე" და "ის რეფორმები, რომლებიც დატოვა".  მისივე თქმით, "ამ რეფორმების ნოუჰაუ" ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აღარ არის, თუმცა, ანა დოლიძე იქვე აღნიშნავს, რომ თუ ვინმე იქნება ენმ-ში, ვისაც აქვს "ინტელექტუალური კაპიტალი", მათთან სიამოვნებით იმუშავებს.

"ქვეყნის მართვაზე როდესაც ვიღაცა ამბიციას აცხადებს, ამბიციას აცხადებს ამ ცოდნით, მე დღეს ვერ ვხედავ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში უფრო მეტი ცოდნაა მაგალითად საჯარო სექტორის რეფორმაზე, ვიდრე ეს მე ვიცი და თუ არის, სად არის ეს ცოდნა? მარტო რასაც ვისმენთ რამდენიმე თვეა, ინტრიგები, სამეფო კარის ინტრიგები... ხალხს რისი იმედიც ჰქონდა ამ პარტიიდან, რაც ჰქონდა დადებითი ამ პარტიას, ეს იყო რეფორმების შესახებ ცოდნა და ეს ცოდნა ხალხმა შეიძლება სხვაგან მოძებნოს, მაგალითად ჩვენთან, თუ არადა, მაშინ ნაციონალური მოძრაობა უნდა შეგვეჯიბროს ამ რაღაცებში, მაგრამ ამის მაგივრად რას ვხედავთ? არ მგონია, მის ამომრჩეველს მოსწონდეს ის დისკურსი, რაც ამ პარტიას მიჰყავს.

ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები აუცილებლად გადანაწილდებიან და უკვე ნაწილდებიან, ვიღაცები დარჩებიან იმ ხელწერის, ხაზის ერთგულნი, ძირითადად ეს სააკაშვილის ხაზი იყო თავის დროზე, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა, მაგრამ ამის გარდა, რეფორმისტულად ორიენტირებული ამომრჩეველი ეძებს იმ ხმას, რომელიც ორიენტირებულია რეფორმებზე. ამისთვის, თუ ვინმე იქნება ნაციონალურ მოძრაობაში, ვისაც აქვს ინტელექტუალური კაპიტალი, მათ მოვიყვანთ ჩვენთან. ანუ მე სიამოვნებით ვიმუშავებ მათთან, მაგრამ ეს ნოუ ჰაუ და ეს კაპიტალი ნაციონალურ მოძრაობაში უკვე აღარ არის, ჩვენ მას ვეღარ ვხედავთ" - ამბობს დოლიძე TV პირველის ეთერში.

წამყვანის კითხვაზე, ანუ თქვენ არ გამორიცხავთ ენმ-სთან რაღაც ტიპის თანამშრომლობას, მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი აღნიშნავს, რომ "იდეების დონეზე და საკითხობრივად", ცალსახად არ გამორიცხავს.

"ნაციონალურ მოძრაობაში იმდენი ადამიანი იყო, შედის, გადის და მუშაობდა მათი ხელისუფლების დროს, ამ კაპიტალის დაკარგვა როგორ შეიძლება, პირიქით, ის ვისაც არ აქვს შეხება კონკრეტულ დანაშაულებთან, ყველა უნდა ჩავაბათ აუცილებლად ქვეყნის მშენებლობაში" - თქვა დოლიძემ.

კითხვაზე, ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია თუ შევა მათ რიცხვში, ვისთანაც მოძრაობა ხალხისთვის ითანამშრომლებს, ანა დოლიძე ამბობს, რომ კონკრეტულ გვარებთან პრობლემა არ ექნება ორ შემთხვევაში:

"თუ არის კონკრეტული საქმე და თუ შეხება არ გვაქვს, ე.წ ოდიოზურ პირებთან, რომელთანაც დაკავშირებულია ცუდი პოლიტიკა და ის პოლიტიკა, რომლის გამეორება არ გვინდა. ამის გარდა, საკითხებზე, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის... მაგალითად, რომელიმე ეკონომისტს, რომელიც მუშაობდა ნაციონალური მოძრაობის დროს ეკონომიკის სამინისტროში, თუ აქვს იდეა, ინფლაცია როგორ უნდა გადავლახოთ და ჩვენს ხალხს დავეხმაროთ, შექმნას მეტი სიმდიდრე. რა თქმა უნდა, ამ იდეებს გავიზიარებთ და ამაზე ვიმუშავებთ. მხოლოდ ოცნების ინტერესია დაყოფა, რომ ეს ჯგუფი ცალკე იყოს, ის ჯგუფი ცალკე და ამათ ერთად არ დაილაპარაკონ. მელიას თუ ვინმე სხვას რა გარჩევები აქვთ, ესაა მათი შიდა გარჩევები, მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის პოტენციალი თუ არსებობს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვის, ის გამოსაყენებელია" - თქვა დოლიძემ TV პირველის ეთერში.

კომენტარები