კრიმინალი

შვილის ფიზიკური შეურაცხყოფა და დანით დაჭრა – საგამოძიებომ შსს-ს 2 თანამშრომელი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისსა და კახეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი სხვადასხვა დანაშაულზე დააკავა. უწყების ცნობით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელმა, ვ.ფ-მ 2022 წლის 26 დეკემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებული იარაღის გამოყენებით მის მეუღლეს და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტითა და 11', 151-ე მუხლი მე-2 ნაწილის  "გ" და "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ  2023 წლის 3 ინვარს ასევე დაკავებული იქნა შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი გ.შ, რომელსაც 2 იანვარს,  ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად ყოფნისას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ასევე სტუმრად მყოფ რ.ტ-სთან და დაზარალებულს მუცლის არეში დანის დარტყმით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა.

საქართველოს პროკურატურამ გ. შ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება  წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორივე ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები