მიხეილ სააკაშვილი

ზარქუა მაკფოლზე: ეჭვი მაქვს, დაწერილი ტექსტია, რომელიც გაუმზადეს

ირაკლი ზარქუა

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის გამოქვეყნებულ მოსაზრებას გამოეხმაურა. ზარქუას თქმით, მას ეჭვი აქვს, რომ ეს დაწერილი და გამზადებული ტექსტია, რომელიც, უბრალოდ, მაკფოლის სახელით გამოქვეყნდა. 

"გამორიცხულია, მაიკლ მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ დემოკრატიასთან მიხეილ სააკაშვილის ხსენება აბსურდია [...] გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ესეც დაწერილი ტექსტია და ისევე გაუმზადეს, როგორც მსოფლიოში ერთნაირი სათაურებით იბეჭდება. აქაც, ანალოგიურად, ეტყობა, მას ხელი მოაწერინეს და ბატონი მაკფოლის სახელით გამოქვეყნდა [...] მაგალითად, ბატონ ჯო ბაიდენს სტრატეგიული ობიექტები რომ გაეყიდა და ირანისა და ირანული კომპანიისთვის მიეყიდა. მაგალითად, წყალი, რომელიც ვაშინგტონს ამარაგებს. ჩვენთან ეს გააკეთეს და რუსებს მიჰყიდეს [...] აბა, ერთი იქ ტელეკომპანიები: CNN და Fox News დაეხურა [...] ამის შემდეგ, ბატონი მაკფოლი ამ განცხადებებს გააკეთებდა, რომ დემოკრატიის შუქურაა? [...] მაგრამ, ეს რა, საქართველოა, პატარა ქვეყანაა და მოსულა? ეს არის საკითხისადმი თქვენი მიდგომა?". - ამბობს ზარქუა.

აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი The Washington Post-ში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშრებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს, სათაურით: მსოფლიომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ციხეში სიკვდილი არ უნდა დაუშვას.

მაკფოლი თვლის, რომ საჭიროა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი მოკავშირეების მიერ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნის წამოყენება.

მაკფოლი წერს:

სანამ მსოფლიო უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ბარბაროსულ ომზე სამართლიანადაა ფოკუსირებული, რუსეთის ლიდერი მსოფლიოს სხვა ადგილებში საკუთარი დესტაბილიზაციის გამომწვევ, ანტიდემოკრატიულ დღის წესრიგს აწინაურებს. მათ შორისაა პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველო, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. 

ამჟამად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იტანჯება - ზოგიერთი ცნობით, სიკვდილს უახლოვდება. ბაიდენის ადმინისტრაციამ და მისმა მოკავშირეებმა ეს არ უნდა დაუშვან. ახლა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის მსოფლიო კამპანიის დროა - სწორედ საკუთარ სამშობლოში წარსულში დემოკრატიის მიზნის სამსახურისთვის.

ორი ათწლეულის წინ სააკაშვილი ბურუსიდან გამოჩნდა, რათა დემოკრატიული გარღვევის მსოფლიო გმირი გამხდარიყო. 2003 წელს სააკაშვილი გაუძღვა მშვიდობიან ვარდების რევოლუციას, დაამხვეს კორუფციით ცნობილი რეჟიმი და ძალაუფლებაში მოვიდა პროდემოკრატიული, ბაზრის მხარდამჭერი ახალგაზრდა ლიდერთა ჯგუფი, რომლის მიზანიც საქართველოს ევროპისკენ წინსვლა იყო. 

როგორც ყველა რევოლუციას, ვარდების რევოლუციასაც ჰქონდა სადავო საკითხები. სახელმწიფოს ძალაუფლების გამყარებითა და ენდემურ კორუფციასთან გამკლავებაზე მონდომებული სააკაშვილი ზოგჯერ დემოკრატიის ნორმებს ცდებოდა. მაგრამ საქართველოს ზოგადი დემოკრატიული ტრაექტორია სააკაშვილის ეპოქაში ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა.

სააკაშვილმა და მისმა გუნდმა პოსტსაბჭოთა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფომრები განახორციელეს. მნიშვნელოვანია, რომ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, სააკაშვილი ხელმძღვანელობდა ძალაუფლების გადაცემას მშვიდობიანი არჩევნების გზით. სწორედ ამას აკეთებენ დემოკრატები. 

დასავლეთის დემოკრატიული ლიდერები სააკაშვილს პატივს სცემდნენ, როგორც შთამაგონებელ დემოკრატსა და ეფექტიან რეფორმატორს. ვარდების რევოლუციის დროს გამოყენებული ზოგიერთი მეთოდი მომდევნო წელს უკრაინაში წარმატებით გაიმეორეს. პრეზიდენტმა ჯორჯ უ. ბუშმა სააკაშვილთან ახლო პირადი ურთიერთობა დაამყარა. თბილისის ცენტრში ერთ-ერთ მთავარ ქუჩას აშშ-ს პრეზიდენტის სახელი დაარქვეს.

ჯო ბაიდენი, როგორც ვიცეპრეზიდენტი, ქართველი ლიდერით აღფრთოვანებული იყო. (მათი ურთიერთობის მომსწრე გავხდი, როცა ბაიდენს 2009 წელს საქართველოში მგზავრობაზე მივყვებოდი, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი.). პატივისცემა გულწრფელი იყო. სააკაშვილი უნაკლო არ იყო. მან შეცდომები დაუშვა. მაგრამ მისი, როგორც ქართული დემოკრატიის მამის მიღწევები ისტორიული იყო.

თუმცა, იყო ერთი უცხოელი ლიდერი, რომელსაც სააკაშვილი სძულდა. წარმატებული ქართული დემოკრატია სამხრეთ ფლანგზე იყო ანათემა იმ ყველაფრისთვის, რასაც პუტინი წარმოადგენდა და ის მიზანდასახული იყო, აღეკვეთა საქართველოს დასავლეთში მიღების სააკაშვილის მონდომება. რუსეთის პრეზიდენტს განსაკუთრებით არ მოეწონა მისი განცხადებები საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პუტინს საქართველოსა და უკრაინის ფერადი რევოლუციების სწორედ იმიტომ ეშინოდა, რომ ისინი რუსეთში მისი ავტოკრატიის ლეგიტიმურობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიდნენ. 2008 წლის აგვისტოში პუტინმა საკუთარი განზრახვები საქართველოში შეჭრით გამოააშკარავა. ამას მოჰყვა ქვეყნის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება, შესაბამისად, ბრიუსელში საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე საუბრის გაყინვა.

როდესაც რუსული ტანკებო საქართველოს დედაქალაქისკენ, თბილისისკენ მიემართებოდნენ, ზოგიერთი სააკაშვილს სთხოვდა, რომ გაქცეულიყო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როგორც გასულ წელს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში, დარჩენა გადაწყვიტა. პუტინმა საბოლოოდ გადაწყვიტა, არ ეცადა სააკაშვილის დაკავება, მოკვლა ან საქართველოში მთავრობის სამხედრო ძალით გადაგდება, მაგრამ რუსეთის ლიდერი საქართველოს პრეზიდენტისთვის ძირის გამოთხრაზე ორიენტირებული დარჩა. (დღესაც, რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის ⅕ ოკუპირებული აქვს).

პუტინმა და მისმა მარიონეტებმა მალე გამოთვალეს როგორ გამოეყენებინათ დემოკრატიული ინსტიტუციები რუსეთის ლოალისტების ძალაუფლებაში მოსაყვანად, რასაც ხელმძღვანელობდა საქართველოში პუტინის მთავარი წარმომადგენელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი (რომელმაც ქონება რუსეთში იშოვა და არა საქართველოში). ივანიშვილის პარტია ქართულმა ოცნებამ მოახერხა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის ძალისა და დამოუკიდებლობის გამოფიტვა, რამაც ქვეყნის დემოკრატია მკვეთრად შეასუსტა. გასულ წელს ევოკავშირმა უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების კანდიდატებად ოფიციალურად გამოაცხადა, მაგრამ არა საქართველო. საქართველოს შემცირებული სტატუსის დრამატიზებას ამაზე უკეთ ვერაფერი შეძლებდა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა უფრო ავტოკრატიული და რუსეთის მიმართ მეგობრული გახდა, სააკაშვილი აქ საკუთარ როლს ვეღარ ხედავდა და უკრაინაში წავიდა, სადაც მას რამდენიმე თანამდებობა ეკავა, წარმატების სხვადასხვა ხარისხით.

თუმცა, ემიგრაციაში ცხოვრება სწორად არ მიაჩნდა. მას სურდა ეცადა საქართველოს მცოცავი ავტოკრატიის უკუქცევა. ასე რომ, 2021 წელს ის დაბრუნდა. ეს შეცდომა იყო. მთავრობამ ის სწრაფად დააკავა, "უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების" ბრალდებით და ამის შემდეგ ის დაკავებულია. მისმა იურიდიულმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ის შესაძლოა მოწამლული იყოს. ბოლო სურათებმა კლინიკიდან, სადაც ახლა ის იმყოფება, აჩვენა, რომ ის გამოფიტული და დაბნეულია.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის დანარჩენ დემოკრატ ლიდერებთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, სასწრაფოდ უნდა წამოაყენოს სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნა. ბაიდენმა და სხვებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა მოუწოდონ, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე შეიწყალოს და საზღვარგარეთ მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ნება დართოს - ზომა, რომელიც უკვე მოითხოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაც გამოაცხადა.

სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე. ეს ზელენსკიზე უკეთ არავის ესმის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს მთავრობას ექსპრეზიდენტის გათავისუფლებით "მოწყალების გამოჩენისკენ" მოუწოდა.

ზელენსკი სწორად მოიქცა. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა მიბაძონ. თავისუფალი სამყარო უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად ერთად დადგა. ასევე უნდა მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიც, სააკაშვილის გათავისუფლებაზე ზეწოლით.

კომენტარები