მიხეილ სააკაშვილი

მშვიდობის ხიდის გარდა, სააკაშვილის სოლიდარობის აქცია მთავრობის კანცელარიასთანაც გაიმართა

ტვ პირველი

მშვიდობის ხიდის გარდა, თბილისში, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გაიმართა. მომიტინგეებმა ადგილზე უკრაინისა და საქართველოს დროშები გაშალეს. ადგილზე იმყოფებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილიც.

"ჩვენ ფეიგინის ინიციატივას ორი ლოკაციიდან ვუერთდებით - ეს არის შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლი, მთავარი ბოროტების სათავე ამ ქვეყანაში და თბილისში კანცელარიასთან". - თქვა ხაბეიშვილმა. 

მას შემდეგ, რაც რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა მსოფლიოს მოსახეობას 4 იანვარს დედაქალაქებში სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების გამართვისკენ მოუწოდა, პარტია ენმ-ში აქციის ლოკაციაზე ვერ შეთანხმდნენ. 

ლევან ხაბეიშვილის განცხადებას 4 იანვარს აქციას მთავრობის ადმინისტრაციასა და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვაზე პარტია გამოეხმაურა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ აქციის სხვა ლოკაციები (თბილისში მშვიდობის ხიდი) და დრო 31 დეკემბერს შეათანხმეს და "სამწუხაროა, რომ ინდივიდები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის თემას გასახლეჩად იყენებენ". პარტიის ორგანიზებით თბილისში აქცია სწორედ მშვიდობის ხიდზე გაიმართა.

ამის საპასუხოდ, ხაბეიშვილმა თქვა, რომ მას, როგორც პარტიის სამდივნოს წევრს, არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ ჰქონია.

"ახლა ბოდიში, რომ ვიღაცების სოციალურ ქსელს არ ვკითხულობ". - ამბობს ხაბეიშვილი.

კომენტარები