კრიმინალი

"დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე" – მესტიაში მკვლელობისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც. მათ 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალნენ 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1993 წელს დაბადებული გ.პ., ხოლო 1998 წელს დაბადებულმა რ.პ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები