ჩერგოლეიშვილი: ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს – გვინდა, 2023 ამ უკეთესის პოვნის წელი იყოს

ტაბულა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES), ტაბულასა და თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზებით აქცია – რა გითხრათ, რით გაგახაროთ? – გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო ილუსტრაციები გააკრეს.

VES-ისა და ტაბულას დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, აქციის მთავარი გზავნილი იყო, რომ ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს და 2023 წელი სწორედ ამ უკეთესის პოვნის წელი უნდა იყოს.

"დღეს 2022 წლის ბოლო დღეა. 2022 წელი იყო კეთილის და ბოროტის ბრძოლის წელიწადი, როდესაც მთელი მსოფლიოსთვის ჭეშმარიტების მომენტი დადგა და ზუსტად ამ ჭეშმარიტების მომენტში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რისი ეჭვიც გვქონდა, რომ საქართველოს წარმოადგენს ხელისუფლება, რომელიც ამ ჭეშმარიტების მომენტში კეთილისა და ბოროტის ბრძოლაში ბოროტის მხარეს დგას.

ამ აქციას ტყუილად არ ჰქვია "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?" – ეს არის ილია ჭავჭავაძის ძალიან ცნობილი წინასაახალწლო წერილი და დაახლოებით იგივე გზავნილი გვაქვს ჩვენც – რა გითხრათ, რით გაგახაროთ? საქართველოს წარმოადგენს ანტიდასავლური, პრორუსული რეჟიმი, რომელიც ასეთ ცალსახა ვითარებაში ბოროტების მხარეს დგას. ეს პირდაპირ უპირისპირდება თერგდალეულების, პირველი რესპუბლიკის, ჩვენი ეროვნული იდენტობის იდეას და ერთადერთი, რაც შეიძლება მოვიმოქმედოთ, არის, რომ ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს ამ ყველაფრის წინააღმდეგ და იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტოს, უნდა დაიჯეროს, რომ უკეთესს იმსახურებს. ჩვენი გზავნილიც წინასაახალწლოდ სწორედ ეს არის. ქართველ ხალხს ხშირად ლანძღავენ, აი, ისეთები ვართო... არა, პირიქით. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს და გვინდა, რომ 2023 წელი სწორედ ამ უკეთესის პოვნის წელიწადი იყოს, რათა უკეთესით დავამარცხოთ ეს უთავმოყვარეობა, აბსურდი, რაშიც დღეს ვცხოვრობთ – სადაც ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უმეცრება ძალაა". – თქვა ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები