თბილისის ბიუჯეტი 2023

მშვიდობის ხიდის რეაბილიტაციისთვის მერია ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარს დახარჯავს

თბილისის მერია

მშვიდობის ხიდის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერია ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარს დახარჯავს, დიდუბის ხიდის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონ ლარს, ხოლო უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 7 მილიონ ლარს. 

თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 632 მილიონი ლარი იქნება, რაც დედაქალაქის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის შეფასებით, "უპრეცედენტოდ" მაღალია. 2022 წელთან შედარებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი 326 მლნ ლარით გაიზარდა. 

ირაკლი ხმალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება 515 მლნ ლარი, ხოლო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით - 500 მლნ ლარი. გარემოს დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 198 მლ ლარი, ტრანსპორტის სუბსიდირებისთვის - 286 მლნ ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებისთვის - 39 მლნ ლარი  მუნიციპალური ბაღებისთვის -171 მლნ ლარი; ავარიული შენობების გამაგრება და ჩანაცვლების პროგრამების ღირებულება ჯამურად 32 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გარდამავალი პროექტებისთვის გათვალისწინებულია 115 მლნ ლარი. 

ვიცე-მერის თქმით, 2023 წელს დაგეგმილი პროექტებიდან, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა და ახალი ავტობაზის მშენებლობა. მისივე განცხადებით, პროექტის მთლიანი ღირებულება 300 მლნ ლარზე მეტია, პროექტი მრავალწლიანია და მისი  განხორციელება მომდევნო წელს დაიწყება 60 მლნ ლარის ფარგლებში, რომელთაგან 40 მლნ ავტობუსების შესაძენად იქნება მიმართული, ხოლო 20 მლნ - ავტობაზის მშენებლობისთვის. 

ასევე იგეგმება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლიც მოიცავს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების, სანიაღვრე და კომუნიკაციის ქსელის, გარეგანათების სისტემის მოწყობას.  პროექტის ჯამური ღირებულება 45 მლნ ლარია, რომელთაგან მომდევნო წელს გათვალისწინებულია 25 მლნ ლარის დახარჯვა.

2023 წელს დაგეგმილია პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაციაც - სამუშაოების ღირებულება 3 500 000 ლარი იქნება. ასევე, ისნისა და სამგორის რაიონებში მოხდება რამდენიმე პარკის რეაბილიტაცია, რისთვისაც 4 მლნ ლარია გათვალისწინებული. სამგორში კი, ე.წ. სამხედრო ქალაქის მიმდებარედ, 130 000 კვ.მ-ზე სრულიად ახალი პარკი მოეწყობა. 

კომენტარები