პირადი ცხოვრების ხელყოფა

"სხვების ინტიმური სახის ვიდეოები გაავრცელეს, არასრულწლოვანისაც" – გამოძიებამ 7 პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნოემბრისა და დეკემბრის თვეში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა. შვიდივე დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა). აქედან ერთს ბრალად 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაც ედება (გარყვნილი ქმედება).

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულების ინტიმური ხასიათის ფოტოები და სქესობრივი აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რითაც ხელყვეს მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი ხელშეუხებლობა.

კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, 1977 წ. დაბადებული ზ.ქ. 2022 წლის მაისში,  სოციალური ქსელის მეშვეობით არასრულწლოვანს სექსუალური ცხოვრების დეტალებზე ესაუბრებოდა, უგზავნიდა სექსუალური აქტის და სხვა ინტიმური შინაარსის ამსახველ ვიდეოებს.  ასევე, თავადაც სთხოვდა მსგავსი ფოტოების და ვიდეოების გადაღებას. ზ.ქ,-მ მოპოვებული და უნებართვოდ შენახული არასრულწლოვანის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა, კერძოდ გადაუგზავნა არასრულწლოვანი დაზარალებულის თანაკლასელს, რითაც ხელყო პირადი ცხოვრების საიდუმლო და სქესობრივი ხელშეუხებლობა.

ასევე, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1978 წ. დაბადებულმა ე.შ-მ და 1986 წ. დაბადებულმა ნ.მ.-მ 2022 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით უკანონოდ მოიპოვეს და ინახავდნენ სხვა პირის შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, რაც შანტაჟის მიზნით გაავრცელეს, კერძოდ გადაუგზავნეს დაზარალებულის ოჯახის წევრს. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა  დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოება ხელყვეს.

გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ 1993 წ. დაბადებულმა ბ.ბ-მ, ქ. თბილისში, 2022 წლის სექტემბრის თვეში უკანონოდ მოიპოვა და უნებართვოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერს. ბრალდებული ბ. ბ.  2022 წლის ოქტომბრის განმავლობაში,  ვიდეოების გასაჯაროების მუქარით, დაზარალებულს თანხას სისტემატურად ართმევდა, რითაც ხელყო დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლო და მიაყენა  მატერიალური ზიანი.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დანაშაულში ასევე მხილებულია 3 პირი, რომლებიც სხვადასხვა დროს თბილისსა და სამეგრელოში, უკანონოდ იღებდნენ დაზარალებულებთან სქესობრივი აქტის ამსახველ ვიდეოებს და ინტიმური შინაარსის ფოტოებს,რომლებსაც მობილურ ტელეფონებში უკანონოდ ინახავდნენ. ასევე, მისი გავრცელების მუქარით, დაზარალებულებს  ინტიმური ხასიათის ახალი ფოტოების გადაღებას და  გადაგზავნას აიძულებდნენ. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას" - ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები