პატრიარქის აღსაყდრება

პრემიერი პატრიარქს: ძნელია სიტყვებით გადმოსცე უზარმაზარი ღვაწლი, მისია, რომელიც გაკისრიათ

ირაკლი ღარიბაშვილი და ილია მეორე
საქართველოს მთავრობა

"ჩვენს ძვირფას პატრიარქს მინდა მივულოცო აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე. ძნელია ნამდვილად, გადმოსცე სიტყვებით ის უზარმაზარი ღვაწლი და მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რაოდენ დიდი მისია შეასრულეთ და ასრულებთ თქვენ ჩვენი ხალხის წინაშე, ჩვენი ხალხისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის".- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრიარქოში განაცხადა. მან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლისთავი მიულოცა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ილია II-მ დიდი მისია შეასრულა და ასრულებს ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

" მე გადმოცემით ვიცი ჩემი მშობლებისგან, ჩემი მშობლების თაობიდან, თუ რაოდენ რთული დრო იყო, როდესაც თქვენ ღმერთის ნებით გამოგარჩიეს და ეკურთხეთ პატრიარქად. მაშინ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ეკლესია-მონასტერი ფუნქციონირებდა საქართველოში. დღეს მადლობა უფალს და მადლობა თქვენ, თვენი ბრძნული საქმით, უდიდესი სიყვარულით და პატრიოტიზმით რამდენიმე ათასი ეკლესია-მონასტერი არის აშენებული. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, უზარმაზარია თქვენი ღვაწლი. ჩვენი ხალხის რწმენაში დაბრუნებისა და ხალხისთვის რწმენის და იმედის მიცემის საქმეში. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ თქვენი ღვაწლის, თქვენი მისიის შესახებ. მინდა ერთი რამ ვთქვა, როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ ამ უზარმაზარი ისტორიული მისიის შესრულებისთვის. მე მჯერა, რომ თქვენი მთავარი ოცნება, მთავარი იდეა, რომ ჩვენ მალე ვიხილოთ გაერთიანებული საქართველო, უფლის მადლით ასრულდება. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ, დაგიდასტუროთ ჩვენი დიდი სიყვარული, ჩვენი დიდი პატივისცემა. მინდა პირადად კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება. თქვენი თითოეული სიტყვა, რჩევა-დარიგება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ყოველთვის მახსოვს თქვენი ბრძნული დარიგებები. კიდევ ერთხელ მადლობა, გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას".- აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილთან ერთად საპატრიარქოში საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ.

კომენტარები