რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: Patriot-ი საკმაოდ ძველი სისტემაა, ისე არ მუშაობს, როგორც ჩვენი С-300

მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ უკრაინა ამერიკისგან Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს მიიღებს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ეს შეიარაღება "მოძველებულად" შეაფასა.

აქამდე რუსეთი იმუქრებოდა, რომ უკრაინისთვის Patriot-ების გადაცემას, შესაძლოა, "არაპროგნოზირებადი შედეგები" მოჰყოლოდა. 

"რაც შეეხება Patriot-ს, ეს საკმაოდ ძველი სისტემაა. ის ისე არ მუშაობს, როგორც, მაგალითად, ჩვენი С-300. მითუმეტეს ისინი, ვინც გვეწინააღმდეგებიან, იქიდან გამომდინარეობენ, რომ თითქოსდა ეს თავდაცვითი იარაღია. კარგი. ამას მხედველობაში გავითვალისწინებთ, ანტიდოტს ყოველთვის ვიშოვით. ასე რომ, ისინი ამას ტყუილად აკეთებენ: ეს მხოლოდ კონფლიქტის გაჭიანურებაა, ეს არის და ეს". – თქვა პუტინმა. 

პუტინის თქმით, უკრაინაში Patriot-ების განთავსება დიდი პრობლემა არ იქნება და მათაც გაანადგურებენ.

"ახლა ამბობენ: შეიძლება იქ (უკრაინაში) Patriot-ები განათავსონო. კეთილი, განათავსონ - Patriot-ებსაც "გავატკაცუნებთ". შემდეგ Patriot-ის ნაცვლად სხვა რამის განთავსება გახდება საჭირო, საჭირო იქნება ახალი სისტემების შემუშავება. ეს რთული და ხანგრძლივი პრიცესია, ყველაფერი ასე მარტივად არაა. ამას ვითვალისწინებთ, ყველაფერს ვითვლით, რას აჩენენ, საწყობებში სად და კიდევ რამდენი აქვთ, რამდენი დარჩათ, რისი წარმოება შეუძლიათ, რა ვადებში, როგორ შეუძლიათ პერსონალის მომზადება". – თქვა პუტინმა.

აშშ უკრაინას არა მხოლოდ Patriot-ის სისტემებს გადასცემს, არამედ პერსონალის მომზადებაშიც დაეხმარება.

კომენტარები