მიხეილ სააკაშვილი

"წამოდგეს, აიწიოს პერანგი და შეხედეთ, რა მდგომარეობაშია" – ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე მიმართა, წამომდგარიყო და პერანგი აეწია, რათა საზოგადოებასა და მოსამართლეს მისი მდგომარეობა ენახათ. 

"მე მინდა, ბატონ მიხეილ სააკაშვილს აქედან მივმართო, იქ იმყოფება ჩემი ადვოკატი, ბატონი ილია ლომია, წამოდგეს ბატონი მიხეილ სააკაშვილი, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ და თქვენ, ბატონო მოსამართლე, შეხედოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება ბატონი სააკაშვილი. ეს არის დაახლოებით, აზოვის ბატალიონის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობა, თუმცა კომენტარებს მერე გავაკეთებ, ახლა ვნახოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება და დავაკმაყოფილოთ საზოგადოებრივი ინტერესი". - თქვა ხაჭაპურიძემ. 

მოსამართლემ სააკაშვილს მიმართა, რომ სურვილის შემთხვევაში წამომდგარიყო, ხოლო თუ მაისურის გახდას დაიწყებდა, პირდაპირ ჩართვას გათიშავდნენ.  

მანამდე, პენიტენციურმა სამსახურმა დააყენა შუამდგომლობა, მის ქმედებებში "სიმულაციის ნიშნების" დასადგენად სააკაშვილს ექსპერტიზა ჩატარებოდა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვივამედიდად დისტანციურად ესწრება.  

კომენტარები