რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

POLITICO: ზელენსკის დელეგაცია აშშ-ში ATACMS-ის ტიპის რაკეტებს მოითხოვს

HIMARS-ის სისტემა და ATACMS-ის რაკეტები.
Mariusz Burcz

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დელეგაცია, რომელიც დღეს აშშ-ში ჩავა, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასა და ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფს მაღალი სიზუსტის დიდი რადიუსის მქონე არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის რაკეტების (ATACMS) გადაცემას სთხოვს. ამის შესახებ გამოცემასთან საქმესთან ახლოს მყოფმა წყარომ ანონიმურად ისაუბრა. 

ანონიმური წყაროს ცნობით, ATACMS-ების გარდა, უკრაინული დელეგაცია Gray Eagle-ისა და Reaper-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებსაც მოითხოვს.

POLITICO ხაზს უსვამს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები თანხმობისთვის მზად არ არიან. აქამდე ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ATACMS-ების გაგზავნაზე უარს ამბობდა. ოფიციალური პირების თქმით, ამის გაკეთება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამას გარდა, ფიქრობენ, რომ დიდი რადიუსის მქონე რაკეტების კიევისთვის გადაცემა რუსეთს უკრაინაშიკიდევ უფრო მეტად ლეტალური იარაღის გამოყენებისკენ უბიძგებს.

ATACMS-ის რადიუსი დაახლოებით 320 კმ.-ს აღწევს. 

21 დეკემბერს დადასტურდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდოდა, შეხვდებოდა პრეზიდენტ ბაიდენს და კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვიდოდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყანას დატოვებს.

კომენტარები