ნარკოდანაშალი

შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 62 პირი დავაკავეთ, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირია დაკავებული - მათ შორის 46  ნარკორეალიზატორი.

უწყების ინფორმაციით, ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში.

"სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, კოკაინი, ალფა პვპ, ბუპრენორფინი, ექსტაზი, მეტადონი, კეტამინი, ლირიკა, ოპიუმი და მარიხუანა

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შსს-ს ცნობით, 2022 წელს უწყებამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით, გასულ წელთან შედარებით, 68-ით მეტი ნარკორეალიზატორი დააკავა - ჯამში 204 ნარკორეალიზატორი.

კომენტარები