რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადის მთავრობა აბრამოვიჩის კომპანიის აქტივების ჩამორთმევასა და დაყადაღებას გეგმავს

REUTERS/Andrew Winning

კანადის ხელისუფლება რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის კომპანიის, Capital Holdings Ltd.-ის აქტივების ჩამორთმევისა და დაყადაღებას გეგმავს. მედიის ინფორმაციით, საუბარია $26 მილიონის ქონებაზე. 

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ახალ უფლებამოსილებას სანქციების ქვეშ მყოფი პირების აქტივების დასაყადაღებლად გამოიყენებს. კერძოდ, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი მიმართავს სასამართლოს, რათა აქტივების დაყადაღება მოხდეს. სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში, კანადის მთავრობა ჩამორთმეული აქტივებიდან მიღებულ თანხას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გამოიყენებს.

ჯოლიმ აღნიშნა ისიც, რომ კანადა რუსეთის რეჟიმსა და მათზე, ვინც უკრაინაში პუტინის ბარბაროსული შეჭრით ისარგებლა, ზეწოლას გააგრძელებს.

ჯამში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, კანადის ხელისუფლებამ სანქციები 1500-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა.

კომენტარები