GORBI-ს კვლევა

ხელისუფლების კვლევით, ხელისუფლების ომში ჩაურევლობის პოლიტიკას 81% ემხრობა

Irakli Kobakhidze / Facebook

მთავრობის პროპაგანდისტული მედია იმედის დაკვეთით GORBI-მ კვლევა ჩაატარა. ხელისუფლების კვლევით, ხელისუფლების ომში ჩაურევლობის პოლიტიკას მოსახლეობის 81% ემხრობა. 

იმედისა და GORBI-ს ცნობით, კითხვაზე, ემხრობა თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკას "არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში", პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • ვემხრობი - 81% 
  • არ ვემხრობი - 16% 
  • არ ვიცი - 3% 

რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, მთავრობის პროპაგანდისტული მედიის დაკვეთით ჩატარებული კვლევით, კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პასუხები ასე გადანაწილდა:   

  • ქართული ოცნება - 52%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 23%
  • ლელო - 3%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 3%
  • პატრიოტთა ალიანსი - 3%
  • ევროპული საქართველო - 3%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - 3%
  • გირჩი - 2%
  • მოქალაქეები - 2%
  • ლეიბორისტული პარტია - 1%
  • საქართველოსთვის - 1%
  • სხვა - 4%

ამავე კვლევის მიხედვით, 51% ამბობს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით უსამართლო იყო. 35%-ის აზრით, გადაწყვეტილება სამართლიანია, არ იცის ან პასუხის გაცემაზე უარს ამბობს 14%. 

სამთავრობო მედიის ცნობით, მოსახლეობის 46% ივანიშვილის დეპუტატების, ხალხის ძალის წევრების მოსაზრებებს ეთანხმება. 45% მათ არ ეთანხმება, არ იცის ან პასუხის გაცემაზე უარს 9% ამბობს.  

იმედის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი, საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა, კვლევის ცდომილების ზღვარი კი +/- 2.5 %-ია. 

კომენტარები