მოლდოვა

მოლდოვაში 6 სატელევიზიო არხს რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო ლიცენზია შეუჩერეს

მოლდოვაში 6 სატელევიზიო არხს სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერეს. მარეგულირებელი ორგანოს ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინის ომზე დეზინფორმაციისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობა გახდა.

მაუწყებლობა შეუჩერდათ შემდეგ არხებს: პირველი მოლდოვაში, RTR მოლდოვა, Accent TV, NTV მოლდოვა, TV6-სა და Orhei TV. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მოლდოვის საგანგებო სიტუაციების კომისიამ გამოაცხადა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიქმნა. 

შეჩერებული 6 არხიდან ოთხი - პირველი მოლდოვაში, RTR Moldova, NTV Moldova და TV6 - რეგულარულად ავრცელებდნენ პროგრამებს რუსული ტელეარხებიდან, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში მაუწყებლობის ლიცენზია სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში ჩამოერთვათ.

მედიის ინფორმაციით, ჩამოთვლილი ტელევიზიებიდან რამდენიმე მოლდოველ ოლიგარქ ილან შორთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნით. შორი პრორუსული პარტია "შორის" ლიდერია. აღნიშნულმა პარტიამ ბოლო რამდენიმე თვეში მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში არაერთი საპროტესტო აქცია მოაწყო.

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ მიესალმა გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს "მნიშნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის თავიდან აცილებისთვის". 

"ამ რთულ პერიოდში ჩვენ ვერ შევურიგდებით, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და მოქალაქეების მშვიდობიან ცხოვრებას საფრთხე დაემუქროს იმ პირების ხელით, რომლებსაც მხოლოდ ერთი რამ - სამართლიანობისგან თავის დაღწევა სურთ". - თქვა სანდუმ. 

როგორც აღმოჩნდა, შორი ჩართული იყო მოლდოვის ბანკებიდან $1 მილიარდი დოლარის მოპარვის საქმესა და სხვა უკანონო სქემებში. გასულ კვირას, იგი დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში დაამატა. ასევე, შორს ბრალი ედება 2014 წელს მოლდოვის ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობის შესანარჩუნებლად ქრთამის გაცემაში. გარდა ამისა, იგი ცოტა ხნის წინ აშშ-ს სანქცირებულთა სიაშიც მოხვდა, როგორც რუსეთის ინტერესების გამტარებელი.

კომენტარები