მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის ადვოკატი: იუსტიციისა და პენიტენციურის წინააღმდეგ საჩივარი შეგვაქვს

სპეციალური პენიტენციური სამსახური

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ კადრების გასაჯაროვების გამო იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ. 

"დაახლოებით, 1 საათში იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ შეგვაქვს საჩივრები. ეს საჩივრები გამზადებულია, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ამ ფაქტთან დაკავშირებით. 

[...] სააკაშვილი ვისაც არ უყვარდა, ამ კადრებმა მის მიმართ თანაგრძნობა გამოიწვია. კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში. ეს კადრები არის ზუსტად იმის დამამტკიცებელი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით - დამხმარე საშუალებებით გადაადგილდება, გონებას კარგავს, ძირს ეცემა და ა.შ.

სულ ვამბობ, ძალიან მიჭირს, იუსტიციის მინისტრის აზრებს რაღაც ახსნა მოვუძებნო. მათ ერთადერთი მიზანი ჰქონდათ - საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ სააკაშვილი ვითომ სიმულიანტობს, მაგრამ რა სიმულიანტობაა, სად არის იქ სიმულიანტობა, კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში." - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. 

გუშინ, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას". პენიტენციური სამსახური წერს, რომ გამოქვეყნებულ მასალაში ნათლად ჩანს სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, "რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა". იუსტიციის მინისტრის ცნობით, კადრევი აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

14 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სურვილის მიუხედავად, ის საკუთარ სასამართლო პროცესზე არ ჩართეს - მიზეზად კლინიკა ვივამედმა ტექნიკური მოწყობილობების არქონა დაასახელა. 

ადვოკატები და ოჯახის წევრები სააკაშვილის გათვაისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

კომენტარები