მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ხაჭაპურიძე კადრებზე: სისხლის სამართლის დანაშაულია, პატიმრის ნებართვის გარეშე გაასაჯაროვეს

ამას [კადრების გავრცელებას] უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ, პატიმრის ნებართვის გარეშე მოხდა ამ ვიდეომასალის, ანუ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. მერე ამას დავამატოთ ისიც, რომ დამონტაჟებულია, შეერთებულია, სხვადასხვა პერიოდებია და თუ ამაზე დავა დადგება და დამერწმუნეთ, დადგება დრო ამისთვისაც მოვიცლით, ამ გავრცელებულ ვიდეომასალას ჩაუტარდება ექსპერტიზა და ექსპერტიზა დაადგენს ამ ვიდეომასალის... შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ არის მონტაჟი, ზაფხულის პერიოდი, შემოდგომის პერიოდი, ზამთრის პერიოდი შეერთებულია და წარმოჩენილია იმ რაკურსით და იმ მდგომარეობით როგორიც ხელისუფლებას აწყობდა.

გუშინ საღამოსვე უკვე ცხადი იყო ბატონ რატი ბრეგაძის განცხადებით, რომ ისინი დღეს არანაირი პროცესის გამართვას არ აპირებდნენ და პროცესის ჩაშლის შემდგომ აი, ამ კადრების, დამონტაჟებული კადრების გამოქვეყნებას გეგმავდნენ. ქართულ პოლიტიკაში ეს სამწუხაროდ არახალია, ჩვენ არაერთხელ გვინახავს მსგავსი მანიპულაციები, თუმცა მიზანი ამის გახლავთ ერთი - თუ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მოვიდოდა ან მას ჩართავდნენ, მაშინ საზოგადოება დაინახავს მის ვიზუალურ მდგომარეობას, თუმცა ამით ახლა ხელისუფლება გვეუბნება, რომ იცით რა, ის სიმულანტობს, სინამდვილეში არის კარგად, მაგრამ მე მათ უნდა ვუთხრა, რომ ისინი შეცდნენ. პირიქით, ამ კადრებს ვინც უყურებს, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ვგულისხმობ და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულს და ბოტებს და ა.შ., პირიქით ეს არის მტკიცებულება რომ ეს ადამიანი ცუდად არის. ჩვენ ვითხოვთ, მოგვეცით საშუალება ჩატარდეს სასამართლო პროცესი, სასამართლო პროცესზე ექსპერტები გააჟღერებენ იმ დიაგნოზებს, რა დიაგნოზებიც აქვს დასმული ბატონ სააკაშვილს, იქნება ეს ნევროლოგიური კუთხით, გასტროლოგიური კუთხით და ასე შემდეგ.

თქვა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

დღეს, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას".

კომენტარები