საქართველო-ევროკავშირი

სამხარაძე: პარტნიორები აღიარებენ, რომ ზაფხულში EU-ს კანდიდატობის მიუნიჭებლობა შეცდომა იყო

ბოლო 3 კვირაში ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში, მათ შორის, მადრიდში, ლისაბონში, ჰააგაში, ლუქსემბურგში, ბერლინში და ლიუბლიანაში განხორციელდა ვიზიტები, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ. ყველა ვიზიტისას წარმოდგენილი იყო ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ კარგად დაინახეს, რას აკეთებს ქვეყანა ევროპაში ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე.

ძალიან სამწუხაროა, არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ევროპაში ვიზიტისას ამბობენ, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს სტატუსი. ყველა ქვეყანაში იყო ერთხმად გამოხატული მხარდაჭერა, რომ ერთი – საქართველო არის მომავალი გაფართოების ნაწილი და ეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს და კითხვის ნიშნები აღარ არის, მეორე – ყველა გვიდასტურებდა, რომ საქართველო დგას დღეს არსებულ კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე წინ ძალიან ბევრი მიმართულებით. ეს შეხვედრები იმართებოდა, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე მთავრობასთან. შევხვდით რამდენიმე ვიცეპრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, კომიტეტების ხელმძღვანელებს. ბევრ შეხვედრაზე ძალიან ღიად ითქვა, რომ შეცდომა იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობა ზაფხულში და ეს განცხადებები პროტოკოლურ შეხვედრებზე გაკეთდა და არა ვახშმებზე, ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი პარტნიორები უკვე არ ერიდებიან იმის აღიარებას, რომ საქართველოსთვის ზაფხულში კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობა იყო შეცდომა.

თქვა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები