რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: დასავლეთთან კონფრონტაციამდე მივედით, ამის პირობებში ცხოვრება მოგვიწევს

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები წინ აღარ მიდის და ისინი მივიდნენ კონფრონტაციამდე, რის პირობებში ცხოვრებაც დიდი ხანი გაგრძელდება.

"არ მიემართება. ჩვენ უკვე მოვედით გაჩერებაზე, რომელსაც ჰქვია "კონფრონტაცია" და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, ძლიერი, უნდა გვქონდეს გამძლეობის შესაძლებლობა, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს ამ კონფრონტაციის პირობებში ცხოვრება". – თქვა პესკოვმა რუსი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ საით მიემართება რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები.

ამას გარდა, პესკოვი მინსკი 2-ის ხელმომწერებს სამშვიდობო ფორმატის დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ უკრაინაში 2022 წლის ომის დაწყების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

"დროთა განმავლობაში, ეს ცხადი გახდა. და, კვლავ, პრეზიდენტი პუტინი და ჩვენი სხვა წარმომადგენლები მუდამ ამის მტკიცებაში იყვნენ, აცხადებდნენ. მაგრამ ამ ყველაფერს აიგნორებდნენ მოლაპარაკების პროცესის სხვა მონაწილეები. სწორედ ეს გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის საწინდარი". – უპასუხა პესკოვმა რუსი ჟურნალისტის მიერ მინსკ 2-თან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. 

2014-2015 წლებში, როცა უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ დონბასის რეგიონში ომი მიმდინარეობდა, გაფორმდა მინსკის შეთანხმებები ეუთოს, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის შუამავლობით. მინსკის შეთანხმებები არაეფექტიანი გამოდგა.

კომენტარები