აშშ-ს არჩევნები 2022

დემოკრატმა სენატორმა არიზონადან პარტია დატოვა

სენატში არიზონას წარმომადგენელი, კირსტენ სინემა დემოკრატიულ პარტიას ტოვებს და საქმიანობას განაგრძობს, როგორც დამოუკიდებელი კანონმდებელი.

მან განცხადება ჯორჯიაში დემოკრატების გამარჯვების შემდეგ გაავრცელა. ბოლო გამარჯვებით, კონგრესის 100-წევრიან პალატაში დემოკრატები 51 მანდატს ფლობდნენ. 

"როგორც ბევრი არიზონელი, სრულად ვერასდროს ვჯდებოდი ვერც ერთ ტრადიციულ პარტიაში". - თქვა სენატორმა. 

Politico-ის მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუს მიხედვით, სინემა რესპუბლიკურ პარტიასთან ფრაქციის წევრობას არ გეგმავს. თუ ეს ასეა, დემოკრატებს მაინც შეეძლებათ უფრო მეტი მმართველობითი კონტროლი შეინარჩუნონ მჭიდროდ დაყოფილ პალატაში.

სინემას აქამდე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ის გააგრძელებს მუშაობას, როგორც დამოუკიდებელი სენატორი, ბოლო ორი წლის მსგავსად: ითანამშრომლებს დემოკრატებთან და რესპუბლიკელებთან. 

სინემას სენატის ექვსწლიანი ვადის დასრულებამდე დარჩა ორი წელი. როგორ იყრის კენჭს 2024 წელს, თუ ამას გადაწყვეტს ჯერ უცნობია. 

ბოლო ორი წელია სინემა და მეორე დემოკრატი სენატორი, ჯო მანჩინი ვაშინგტონის პოლიტიკას აფერხებს, რადგან ისინი არ აძლევენ საჭირო ხმებს ბაიდენის საკანონმდებლო ინიციატივებს.

კიდევ ორი სენატორი - ბერნი სანდერსი ვერმონტიდან და ანგუს კინგი მეინიდან - რეგისტრირებული არიან დამოუკიდებელ სენატორებად, მაგრამ აგრძელებენ დემოკრატების ფრაქციის წევრობას. 

სინემამ აღნიშნა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან დასავლურ შტატში ხალხის მზარდი რაოდენობა პოლიტიკურად დამოუკიდებლად მიიჩნევს თავს და უარყოფს როგორც რესპუბლიკურ, ისე დემოკრატ პოლიტიკურ იარლიყებს.

6 დეკემბერს ჯორჯიას შტატში შუალედური არჩევნების მეორე ტურში დემოკრატმა სენატორმა რაფაელ ვარნოკმა რესპუბლიკელი ჰერშელ ვოკერი დაამარცხა.

შედეგადაც სენატში დემოკრატების რაოდენობა 51-მდე გაიზარდა, 49-ის პირისპირ. 

კომენტარები