საქართველო-ევროკავშირი

ევროპულმა საბჭომ საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის €20 მილიონის პაკეტი დაუმტკიცა

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. 

ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის გზით საქართველოს კიბერუსაფრთხოების სფერო წელს პირველად დაფინანსდება. ამასთან, დახმარების პაკეტი სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.

სამინისტროს ცნობით, საქართველომ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსათვის უკვე მეორედ მიიღო. 2021 წელს საქართველო EPF-ის მიმღები ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო.

"ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით". – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები