საუდის არაბეთი-ჩინეთი

ჩინეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდება

Rolex-Pool

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი საუდის არაბეთის პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან შესახვედრად რიადში ჩავიდა. ვიზიტის მთავარი მიზანი ნავთობის საკითხზე მოლაპარაკებებია. ლიდერები ასევე განიხილავენ ქვეყნებს შორის ორმხრივ სავაჭრო კავშირსა და უსაფრთხოებას.

რიადში ცდილობენ, ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი რეგიონში პრინცის ძალაუფლების მხარდასაჭერ ნაბიჯად წარმოაჩინონ, თუმცა სი ძინფინგს ახლო აღმოსავლეთის ლიდერებთან შუამავალი არ სჭირდება. მედიის ცნობით, მათთან ისედაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. მეტიც, პეკინის კავშირები ზოგიერთთან (მაგ. ირანი) რიადზე გაცილებით მტკიცეა.

თავის მხრივ, საუდის არაბეთის პრინცს შეხვედრის ფარგლებში შესაძლებლობა ეძლევა, უიღურების (ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსი) შევიწროების საკითხი განიხილოს. ამ დრომდე ჩინეთის მიერ ისლამის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიაზე მუსლიმი ლიდერები ყურადღებას არ ამახვილებენ. 

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

2021 წლის 19 იანვარს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პეკინის მოქმედებები ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში მუსლიმი უიღურების წინააღმდეგ გენოციდად გამოაცხადა. აშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, პომპეოს გადაწყვეტილებას იზიარებს.

თებერვალში ნიდერლანდების პარლამენტმა, ევროპაში პირველმა, ჩინეთი უიღურების გენოციდში დაადანაშაულა. მანამდე, კანადამ მიიღო რეზოლუცია, რის მიხედვითაც, ჩინეთის მიმართ უიღურებისადმი მოპყრობა გენოციდად გამოაცხადა. აპრილში გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა სინძიანგის პროვინციაში ჩინეთის მიერ მუსლიმი უიღურების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები გენოციდად და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადა

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Center for Global Policy-ს დეკემბრის ანგარიშში წერენ, რომ ჩინეთი ასიათასობით უიღურს და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ მუჰამედ ბინ სალმანმა თამამი ნაბიჯი გადადგას. დიდი ალბათობით ის კვლავ საკითხის იგნორირებას განაგრძობს. 

 

კომენტარები