რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდმა ბრიტანეთმა რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი დააკავა – უკრაინული მედია

დიდი ბრიტანეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) 1 დეკემბერს რუსი მილიარდელი ბიზნესმენი დააკავა. მას ბრალი რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის ფულის გათეთრებასა და ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ედება. 

სააგენტო დაკავებულის ვინაობას არ ამხელს, თუმცა, უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უცნობი რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. მილიარდელს, რომელსაც რუსეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ლონდონში ცხოვრობს, ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები მარტში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირის გამო დაუწესა. 

სააგენტოს ცნობით, დაკავებულია კიდევ ორი 35 წლის უცნობი მამაკაცი. ფრიდმანის მსგავსად, მათაც ბრალი ფულის გათეთრებაში ედებათ. ასევე, მედიის ცნობით, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა მაშინ, როდესაც NCA-ის ოფიცრებმა ჩანთაში რამდენიმე ათასი ფუნტი აღმოუჩინეს.

გამომძიებლების მასშტაბური ჩხრეკის შედეგად, დიდი რაოდენობით ნაღდი ფულია ამოღებული. სამივე ეჭვმიტანილი NCA-მ დაკითხა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

კომენტარები