რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

რიში: მე თანახმა ვარ, უკრაინას Patriot-ის სისტემები მივცეთ

Tom Williams/CQ Roll Call

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა, ჯეიმს რიშმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თქვა, რომ ის ეთანხმება უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის იდეას.

"უკრაინელები ერთი ხელით იბრძვიან და მეორე ხელი ზურგს უკან აქვთ შეკრული. მეზობლად ჰყავთ ქვეყანა, რომელიც მათ მიწაზე შეიჭრა და ომის დანაშაულს სჩადის. ამას გარდა, ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთლიანად გაანადგუროს უკრაინის გათბობის და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა. ჩვენ არ შეგვიძლია დავდგეთ და ამას გვერდიდან ვუყუროთ.

ადმინისტრაციაში არიან ადამიანები – ყველა არა, ზოგიერთები – რომლებიც ამბობენ, "ოჰ, იცით, ჩვენ არ გვინდა ესკალაცია"... ეს სისულელეა. მინდა ყოველ დილით პუტინმა იმაზე ფიქრით გაიღვიძოს, თუ მისმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს, ჩვენი მხრიდან ესკალაცია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი წაგებულია.

მე თანახმა ვარ, უკრაინას Patriot-ის სისტემები მივცეთ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, და მე ამას თავიდანვე ვამბობდი, მათ უნდა მივცეთ სამხედრო თვითმფრინავებიც. როდესაც კორეაში და ვიეტნამში ვიბრძოდით, რუსები ჩვენს მტრებს რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავებით ამარაგებდნენ და მათ მფრინავებს წვრთნიდნენ. ვფიქრობ, დროა პატივისცემა დავუბრუნოთ". – თქვა ჯეიმს რიშმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, თუ NATO უკრაინას Patriot-ის სისტემებს მიაწვდის, ის რუსული ძალების სამიზნედ გადაიქცევა.

NATO-ს მოკავშირეების საერთო განცხადების მიხედვით, ალიანსი გეგმავს გააძლიეროს უკრაინის დახმარება მძიმე ზამთარში, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულმა დაზიანებამ გამოიწვია. CNN აშშ-ს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას განიხილავს. 

Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი შექმნილია შემომავალი მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტების, მოწინავე თვითმფრინავების და საკრუიზო რაკეტების განადგურებისთვის.

კომენტარები