რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: მზად ვარ, პუტინს ვესაუბრო, თუ ის დაინტერესებულია ომის დასრულების გზის მოძებნით

REUTERS/Evelyn Hockstein

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ამჟამად არ აქვს გეგმები, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაუკავშირდეს, თუმცა, მისივე სიტყვებით, მზად არის, ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს, თუ ის გამოხატავს ინტერესს უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ბაიდენის თქმით, ეს მხოლოდ NATO-ს მოკავშირეებთან კონსულტაციით მოხდება.  

"მე არ მაქვს ამჟამინდელი გეგმები, რომ დავუკავშირდე ბატონ პუტინს. მზად ვარ, ვისაუბრო პუტინთან, იმ შემთხვევაში, თუ ექნება ინტერესი, ეძებოს ომის დასრულების გზა. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია". - თქვა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბრის შემდეგ. 

ბაიდენმა და მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა უკრაინის მიმართ, რუსეთის ომის წინააღდეგ და პირობა დადეს, რომ ერთად იმუშავებენ იმ ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ომმა გამოიწვია. 

"ამ ომის დასრულების ერთადერთი, რაციონალური გზა არსებობს - პუტინის მიერ უკრაინის დატოვება. როგორც ჩანს, ის ამის გაკეთებას არ აპირებს. ის დიდ საზღაურს იხდის ამის გამო". - ამბობს ბაიდენი. 

კომენტარები