რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

"ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი" – ECR-ის კონფერენცია

ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი  (ECR)-ის ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია - ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი. 

პანელზე გამომსვლებმა - საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა, პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა, თორნიკე გორდაძემ უკრაინის ომის კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე, ქვეყნის გამოწვევებსა და მომავალზე ისაუბრეს. 

"ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ საქართველოს დასავლეთის კურსიდან შემობრუნებას, რაც ძალიან გვაწუხებს. ეს შემობრუნება აშშ-ზე კოროზიული თავდასხმებით - თავდასხმებით, რომლებიც ჩვენი 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უპრეცედენტოა, გვიბიძგებს ჩვენ ვიფიქროთ, რამდენად სწორად ვუჭერთ მხარს ამ ევროატლანტიკურ სწრაფვას. და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ შევაჩეროთ ეს ანტიდასავლური ტრენდი. ტრენდი, რომელიც აშორებს იმ რეფორმების განხორცილებისგან, რომელიც საჭიროა. და ეს პერსონალური თავდასხმები აშშ-ზე. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ გზები, რომელთა საშუალებითაც მხარს დავუჭერთ ქართველ ხალხს განახორციელონ საკუთარი ისტორიული სწრაფვა და შეუერთდეს კოლექტიურ დასავლეთს". - ამბობს იან კელი. 

დევიდ კრამერმა გაიმეორა გამომსვლელთა პოზიცია, რომ არავის არ სურს საქართველოს "ომში ჩათრევა". 

"ვფიქრობ, საქართველოსთვის საუკეთესო გზა, რომ დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიის 20%, არის დაეხმაროს უკრაინას გამარჯვებაში. უკრაინის გამარჯვებაში ვგულისხმობ რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიის დატოვებას. უკრაინის გათავისუფლებას, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორიები. ეს უკანასკნელი შესაძლოა ომით არ მოხდეს - არავის არ უნდა ეს, არავის არ უნდა იმ ომის გაფართოება, რასაც ჩვენ 24 თებერვლიდან ვხედავთ". - თქვა დევიდ კრამერმა. 

კრამერის განმარტებით, მართალია, ქართველი ხალხი დგას უკრაინის მხარეს, თუმცა ბევრად უფრო მყარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს საქართველოს ხელისუფლებამაც, რადგან უკრაინის გამარჯვება საქართველოს არგებს. 

"ქართველი ხალხი დგას დასავლეთის მხარეს, მაგრამ საქართველოს მთავრობა არა. მთავრობა უნდა დაეხმაროს უკრაინას მოგებაში, რაც დაეხმარება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას რეგიონში, რაც საბოლოოდ რუსეთსაც არგებს". 

ანა ფოტიგამ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის მთავრობამ უნდა გაიაზროს საქართველოს ხალხის სურვილი და ყველაფერი გააკეთოს საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობისთვის. 

"დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გაიგებს და გაიაზრებს ქართველების ძლიერ სურვილს, რომ შეუერთდნენ ევროატლანტიკურ ოჯახს, რაც შეიძლება მალე". - თქვა ევროპარლამენტარმა. 

კომენტარები