დაპირისპირება ენმ-ში

ნოდია ჭიაბერაშვილზე: რატომ იქნება ენმ-ს წევრებისთვის მისაღები, ვისაც "მოღალატეს" ეძახდნენ?

ციკლიდან "არამკითხე მოამბის შენიშვნები“.

მე ვერც იმაში ვხედავ პრობლემას, რომ შარშან პოლიტიკიდან წასული ზურაბ ჭიაბერაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას განიხილავს და ვერც იმაში, რომ ტაბულამ გაუხსენა მაშინ ნათქვამი სიტყვები ახალგაზრდებისთვის ასპარეზის დათმობის შესახებ.

მედიის ბუნებრივი ქცევაა, გაუხსენოს პოლიტიკოსს წარსული გამონათქვამები, რომლებიც, მისი აზრით, გახსენებას იმსახურებს. მერე ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, აქედან რა დასკვნა გამოვიტანოთ. მე პირადად არ ვთვლი, რომ ეს სიტყვები ზურასთვის მომაკვდინებელი კომპრომატია. პოლიტიკოსმა შეიძლება პოლიტიკაში ყოფნის გადაწყვეტილება, ან კონკრეტული პარტია შეიცვალოს. ეს უკანაკნელი მითუმეტეს არ უნდა გაგვიკვირდეს ქვეყანაში, სადაც პარტიები რეალურად არ არსებობს. მთავარია ძირეული პრინციპების ღალატი არ მოხდეს.

არც შეთქმულების თეორიებს - რომ მისი გადაწყვეტილება სინამდვილეში მისი არაა, რომ მის უკან რაღაც ჯგუფი დგას - განვიხილავ. ამის მიზეზი მარტივია: რაც არ ვიცი, არ ვიცი. ზოგადად, პარტიულ პოლიტიკაში ყოველთვის არის კულუარული ელემენტი და ჯგუფური ბრძოლა. თავისთავად ეს არც გასაკვირია და არც გასაკიცხი.

აზრიანი ამ შემთხვევაში მხოლოდ იმაზე ლაპარაკი მგონია, რამდენად პროდუქტიულია მისი განაცხადი ენმ-ის თავმჯდომარეობაზე. მესმის, რომ ენმ ახლა ძალიან მძიმე დღეშია და მისი დახმარების სურვილი თავისთავად კეთილშობილურია. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, ზურა როგორ შეიძლება იყოს მისი გადამრჩენელი.

თავმჯდომარე ენმ-ის რიგითმა წევრებმა უნდა აირჩიონ. რატომ ენდობიან ისინი ადამიანს, ვინც ამ პარტიის ხმაურიანი შიდა კონფლიქტის დროს პარტიიდან წავიდა? მე მაშინ იმ წასულების მხარეს ვიყავი, მაგრამ მე არა ვარ ამომრჩეველი - ისინი არიან, ვინც იმ დროს დარჩა.

დიდი პრობლემაა, რომ პარტიის წევრთა დიდ ნაწილს თავმჯდომარეობის არც ერთი წამოყენებული კანდიდატი არ მოსწონს. ეს მიანიშნებს, რომ კრიზისი ღრმაა და პარტია დაშლის პირასაა. მაგრამ რატომ იქნება რიგითი წევრებისთვის უფრო მისაღები ადამიანი, ვისაც გუშინ „მოღალატეს“ ეძახდნენ? (ჩემთვის ამ სიტყვის გამოყენება ამ შემთხვევაში მიუღებელია, მაგრამ ჩემს დამოკიდებულებას მნიშვნელობა არა აქვს).

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე.

კომენტარები