რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი დედები ხელისუფლებას ომის საწინააღმდეგო პეტიციით მიმართავენ

რუსი სამხედროების დედები აქტივისტთა ჯგუფს შეუერთდნენ, რომლებიც უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნით პეტიციას აქვეყნებენ

პეტიციაში ხელმომწერები სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს შესაბამისი კომიტეტის პარლამენტარებს მიმართავენ. 

"9 თვეა უკრაინაში ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" მიმდინარებს, რომელსაც მოაქვს ნგრევა, მწუხარება, სისხლი და ცრემლები. ყველაფერი, რაც ხდება უკრაინასა და რუსეთში, ჩვენ გვტკივა. განურჩევლად იმისა, თუ რა ეროვნების, რელიგიისა თუ სოციალური სტატუსის ვართ, ჩვენ - რუსეთის დედებს - ერთი სურვილი გვაერთიანებს: ვიცხოვროთ მშვიდობასა და ჰარმონიაში, გავზარდოთ ჩვენი შვილები, არ გვეშინოდეს მათი მომავლის. 

ბევრ რაიონში, სადაც მობილიზაცია გამოცხადდა, ოჯახებს კაცების ბრძოლის ველზე გაგზავნისას თავად უწევდათ ნივთების შეგროვება, ყველაფრის საკუთარი ხარჯებით ყიდვა, მათ შორის, ჯავშანჟილეტების.

ჩვენ წინააღმდეგი ვართ ომში ჩვენი ვაჟების, ძმების, ქმრებისა და მამების მონაწილეობის. თქვენი მოვალეობაა, დაიცვათ დედისა და შვილის უფლებები და თავისუფლებები. ამ ყველაფერზე თვალი არ უნდა დახუჭოთ". - წერია პეტიციაში. 

გუშინ, 27 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მებრძოლი და დაღუპული რუსი სამხედროების დედებს მიმართა. 

"ვერაფერი ჩაანაცვლებს შვილის დაკარგვას". - თქვა პუტინმა. პრეზიდენტის მიმართვა რუსული სამთავრობო მედიით გადაიცემოდა. 

მედიის შეფასებით, პუტინის დედებთან შეხვედრა კრემლის მცდელობაა, დაარწმუნოს რუსები, რომ მათი პრეზიდენტი ზრუნავს ჯარისკაცებზე - პუტინი, რომელმაც უკრაინაში შეჭრისა და მის ტერიტორიაზე ოკუპანტების გაგზავნის გადაწყვეტილება თავად მიიღო, ცდილობს, კრემლის მზრუნველ ლიდერად წარმოჩნდეს.  

ბოლო თვეების განმავლობაში, ბრძოლის ველზე მარცხების შემდეგ, რუსეთს, მათ შორის, ადანაშაულებენ იმაშიც, რომ სამხედროებს "საზარბაზნე ხორცად" იყენებს. 

როგორც ამერიკელი გენერალი მარკ მილი ამბობს, დაახლოებით, 100 000 რუსი და 100 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ. როგორც კრემლმა სექტემბერში აღიარა, არმიის რეზერვისტების მობილიზების პროცესში შეცდომები დაუშვეს. 

კომენტარები