საქართველო-რუსეთი

11-13 დეკემბერს მოსკოვში "ქართული კულტურის დღეების" ჩატარება იგეგმება

11-დან 13 დეკემბრის ჩათვლით რუსეთში, მოსკოვში ქართული კულტურის დღეების ჩატარება იგეგმება. ორგანიზატორი რუსეთში შექმნილი ორგანიზაციაა - ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში. 

როგორც მათ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, 11-13 ოქტომბერს გაიმართება კონფერენციები მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხზე, ასევე, კულტურული ღონისძიებები - გამოფენები, ლექციები, ქართული კულინარიის მასტერკლასები და ა.შ. 

ქართული კულტურის დღეები საკონცერტო დარბაზ კოსმოსში დასრულდება - განცხადების მიხედვით, კონცერში მონაწილეობას ქართული წარმოშობის შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ. 

ორგანიზაციის ცნობით, დეტალურ ინფორმაციას 1-ლი დეკემბრიდან საკუთარ ტელეგრამზე გამოაქვეყნებენ.  

"რუსეთში ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის" პრეზიდენტი ბათუმში დაბადებული დავით ცეცხლაძეა. ცეცხლაძის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის საქართველოს შსს-ს აკადემიაში სწავლობდა, შემდეგ კი სწავლა რუსეთში გააგრძელა. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მან 2015 წელს "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდი" დააფუძნა. ამავე ვებ-გვერდის მიხედვით, ის მოსკოვის მშვიდობის ფონდს მედლით ჰყავს დაჯილდოვებული - "რუსული სახელმწიფოს გაძლიერებისთის". 

ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წლის 25 თებერვალს ცეცხლაძემ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის თხოვნით მიმართა. 

კომენტარები