ოჯახში ძალადობა

პროკურატურა: მამამ არასრულწლოვან გოგოს დაგვიანების გამო სცემა, მას პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტებზე  ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ცნობით, 19 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა  გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით - იმის გამო, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი იყო გოგო და სახლში გვიან დაბრუნდა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.  

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე დღეს, 20 ნოემბერს, მეორე ბრალდებულმა არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. 

"ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან).  
პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

რაც შეეხება დაზარალებულის მამას, იგი სამართალდამცველებმა 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან ოჯახის წევრზე ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და „დ“ ქვეპუნქტებით (მუქარა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა." - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. 

TV 25-ის გავრცელებული ინფორმაციით კი, ბათუმში მამამ სცემა 14 წლის გოგოს, რომელმაც მას მოუყვა, რომ გააუპატიურეს. 

კომენტარები