რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთმა დიდი ალბათობით თითქმის ამოწურა ე.წ. კამიკაძე დრონების მარაგი

REUTERS

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 23 ნოემბერს გავრცელებულ სადაზვერვო ანგარიშში საუბარია რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული წარმოების კამიკაძე უპოლოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სექტემბრიდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინაში ასობით ირანული წარმოების კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. რუსეთი თავდაპირეველად მათ უკრაინის ტაქტიკური სამხედრო და ენერგეტიკული პუნქტების წინააღმდეგ იყენებდა, თუმცა, ბოლო პერიოდში, რუსეთი ირანულ დრონებს სამედიცინო დაწესებულებების გასანადგურებლადაც იყენებს.

ბრიტანეთის დაზვერვის მიხედვით, 17 ნოემბრის შემდეგ რუსეთის მიერ არცერთი ირანული დრონის გამოყენება არ დაფიქსირებულა საჯაროდ. შესაბამისად, დაზვერვის ცნობით, რუსეთმა დიდი ალბათობით, თითქმის ამოწურა ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი. თუმცა, ის ალბათ შეეცდება დრონების ახალი პარტიის შეძენას, რადგან ეს უფრო ადვილია, ვიდრე ახალი ფრთოსანი რაკეტების დამზადება. 

The Washington Post აშშ-ისა და სხვა დასავლური უსაფრთხოების სააგენტოების დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც საკუთარ ტერიტორიაზე ასობით უპილოტო თვითმფრინავის წარმოებას იწყებს. 

გამოცემის ცნობით, შეთანხმება ნოემბრის დასაწყისში ირანში მიიღწა.

WP-ის მიხედვით, რუსეთი და ირანი ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად შეთანხმდნენ დიზაინსა და სხვა კომპონენტებზე, რათა წამოება მომდევნო თვეებში დაიწყოს.

ოქტომბერში ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა. იმავე მიზეზით დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა 3 ირანელი გენერალი და დრონების მწარმოებელი კომპანია. 

5 ნოემბერს ირანში პირველად აღიარეს, რომ რუსეთს დრონები მიაწოდეს - თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე მოხდა, მანამ, სანამ ოკუპანტები დრონებს ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ირანმა რუსეთს დრონების "მცირე რაოდენობა" 24 თებერვლამდე, რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა. მინისტრი უარყოფს, რომ თეირანი უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებას განაგრძობს. 

კომენტარები