რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: კრემლი, შესაძლოა, ბელგოროდის ოლქზე ცრუ დროშის ქვეშ თავდასხმას გეგმავდეს

რუსი ოკუპანტი უკრაინაში.
РИА Новости

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 22 ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, კრემლი, შესაძლოა, ამზადებს საინფორმაციო ნიადაგს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე ცრუ დროშის ქვეშ თავდასხმისთვის, რათა საზოგადოებაში ომის მხარდაჭერა გაიზარდოს. 

ISW წერს, რომ კრემლის პროპაგანდისტებმა დაიწყეს უკრაინული ძალების მიერ ბელგოროდში შესაძლო შეჭრაზე საუბარი, სხვა რუსული წყაროები კი ამბობენ, რომ მათმა ძალებმა კუპიანსკსა და ხარკოვის ოლქზე კონტროლი უნდა აღადგინონ, რათა უკრაინის თავდასხმის საფრთხე შემცირდეს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები უფრო აქტიურად ითხოვენ უკრაინის მიერ ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე საკუთარი კონტროლის აღდგენას. მათი თქმით, ეს უკრაინელებს ხელს შეუშლის კუპიანსკისა და ვოვჩანსკის მიმართულებით იერიშების გაგრძელებაში. 

ISW ხაზს უსვამს, რომ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დაიწყეს ე.წ. ზასეჩნაიას ხაზის შენება უკრაინა-ბელგოროდის საზღვართან. ამ ხაზის შენება თავდაპირველად რუსმა ბიზნესმენმა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ახსენა, თუმცა ვაგნერის ხაზის სახელით. ISW აღნიშნავს, რომ თავდაცვითი ხაზს სახელი, პრიგოჟინის თქმით, იმიტომ შეუცვალეს, რომ "[რუსეთში] ბევრ ადამიანს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის აქტივობა არ მოსწონს".

ISW საკუთარ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ბელგოროდზე უკრაინის ძალების თავდასხმის საფრთხე არის "აბსურდი და ერთადერთი მიზანი საზოგადოების შეშინებაა, რათა ომს მხარი დაუჭირონ". მათივე თქმით, "უკრაინას რუსეთში შეჭრის სტრატეგიული ინტერესი და ამ მასშტაბზე მოქმედების შესაძლებლობა არ აქვს". 

ამას გარდა, ISW წერს, რომ სპეკულაციები უკრაინის რუსეთში შეჭრაზე, შესაძლოა კრემლის მიერ ომის მხარდამჭერი ნაციონალისტების დაშოშმინების მცდელობა იყოს. ეს ჯგუფი, მათ შორის რუსი სამხედრო ბლოგერები, აქტიურად აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ამბობენ, რომ ისინი რუსეთის ტერიტორიებს ვერ იცავენ. ომის კვლევის ინსტიტუტი ხაზს უსვამს, რომ ამ ნაციონალისტების მოთხოვნა ვერ შესრულდება, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთს ხარკოვის ოლქში ხელახლა შეჭრა არ შეუძლია.

ISW-ს ანგარიშში საუბარია პრიგოჟინზეც და ნათქვამია, რომ შიშის დათესვას ისიც იყენებს, ზასეჩნაიას ხაზის შენებასთან ერთად, რათა უკრაინის მოსაზღვრე რუსულ რეგიონებში საკუთარი ძალაუფლება განამტკიცოს.

კომენტარები