ვიქტორ ორბანი

ორბანის კაშნეზე "დიდი უნგრეთის" რუკის გამოსახვის გამო, უკრაინა უნგრეთის ელჩს იძახებს

ვიქტორ ორბანი "დიდი უნგრეთის" კაშნეთი ფეხბურთელებთან შეხვედრის დროს

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი უნგრეთის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს საბერძნეთთან გამართული ამხანაგური მატჩის დროს შეხვდა, როდესაც მას ეკეთა კაშნე, რომელზეც "დიდი უნგრეთის" რუკა იყო გამოსახული

"დიდი უნგრეთის" რუკა პირველ მსოფლიო ომამდე უნგრეთის სამეფოს კუთვნილებაში მყოფ ტერიტორიებს მოიცავს. ორბანის კაშნეზე გამოსახულ რუკაზე უნგრეთისთვის მიკუთვნებული იყო დღევანდელი უკრაინის, სერბეთის და ევროკავშირის ქვეყნების: ავსტრიის, სლოვაკეთის, რუმინეთისა და ხორვატიის ტერიტორიები. 

როგორც უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო წერს, ფაქტთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის ელჩს გამოიძახებს. ნიკოლენკოს თქმით, უკრაინა უნგრეთისგან ოფიციალურ ბოდიშსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის დაგმობას ელოდება. 

ორბანის ქმედება გააკრიტიკა რუმინელმა ევროპარლამენტარმა, ალინ მიტუცამ. 

"მორიგი უპასუხისმგებლო საქციელი ვიქტორ ორბანისგან, რომელიც დღეს დიდი უნგრეთის რუკის კაშნეთი გამოჩნდა. ეს არის რევიზიონისტური ჟესტი, რომელიც ორბანს პუტინის გვერდით აყენებს, რომელიც ასევე ოცნებობს საზღვრის ცვლილებაზე. ის ევროპული საბჭოს ევროკავშირის ლიდერების მიერ სანქცირებული და იზოლირებული უნდა იყოს". – წერს მიტუცა. 

ორბანის ქმედება გააკრიტიკა გერმანელმა ევროპარლამენტარმა დანიელ ფროინდმაც.

ფაქტს გამოეხმაურა თავად ვიქტორ ორბანიც. მისი თქმით, პოლიტიკა და ფეხბურთი უნდა გაიმიჯნოს.

"ფეხბურთი პოლიტიკა არაა. ნუ ცდილობთ იმის ამოკითხვას, რაც არ არსებობს. უნგრეთის ეროვნული ნაკრები ეკუთვნის ყველა უნგრელს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ". – დაწერა ორბანმა საკუთარ Facebook-ზე.

უკრაინაში დაახლოებით 150 000-მდე უკრაინელი უნგრელი ცხოვრობს. მათი უმეტესობის საცხოვრებელი რეგიონი იმიერკარპატებია.

კომენტარები