რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

IAEA: გასულ 24 საათში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 10-ზე მეტი თავდასხმა მოხდა

ზაპოროჟიეს ელექტროსადგური
REUTERS/Valentyn Ogirenko

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, გასულ 24 საათში ევროპის უდიდეს ელექტროსადგურზე 10-ზე მეტი თავდასხმა მოხდა

"ჩვენი გუნდი გუშინდელი და დღევანდელი დილის სიახლეებით უკიდურესად შეშფოთებულია. ამ უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებები სრულიად მიუღებელია. ვინც ამის უკან დგას - თავდასხმები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. როგორც უკვე არაერთხელ მითქვამს, ცეცხლს ეთამაშებით!" - თქვა გროსიმ.

ელექტროსადგურის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, IAEA-ის ადგილზე მომუშავე გუნდმა განმარტა, რომ დაზიანებულია ზოგიერთი შენობა, სისტემა და აღჭურვილობა, თუმცა, ბირთვული უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის არცერთი მათგანი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, კიევი და მოსკოვი თავდასხმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ელექტროგადამცემ ხაზებზე უკრაინამ იერიში ჭურვებით მიიტანა. ხოლო რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს მტკიცებით, ზოგიერთი საწყობი უკრაინელების მიერ დაბომბვის შედეგად დაზიანდა. 

ხოლო უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის სააგენტომ, Energoatom-მა რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ ქარხნის ინფრასტრუქტურაზე სულ მცირე 12 დარტყმა მოხდა.  

Energoatom-ის განმარტებით, რუსეთი მიზნად ინფრასტრუქტურის დაზიანებას ისახავდა, რათა უკრაინის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდოთ.


8 ოქტომბერს IAEA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა დაბომბვის შედეგად ელექტრომომარაგების ბოლო გარე წყარო დაკარგა. მისივე ცნობით, ახლა სადგური გაგრილებისთვის და სხვა აუცილებელი ფუნქციებისთვის ელექტროენერგიას გადაუდებელი მოხმარების დიზელის გენერატორებით იღებდა.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა ბოლო მოქმედი ორი ენერგობლოკი. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა კიდევ ერთხელ სრულად შეჩერდა. ენერგოატომი აცხადებდა, რომ უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

IAEA-ს ცნობით, ახლა ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივი შეჩერების რეჟიმში მუშაობის, თუმცა უსაფრთხოებისთვის მათ ელექტროენერგია მაინც სჭირდება. 5 სექტემბრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოჯახებისა და ქარხნების უდიდეს ნაწილს ელექტროენერგიით აღარ ამარაგებს.

კომენტარები