სტამბოლის ტერაქტი

ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან დაკავშირებული 5 პირი დააკავეს

ბულგარეთის მთავარი პროკურორის, ივან გეშევის თქმით, ბულგარეთის სპეცრაზმმა თურქ პროკურორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოძიების შედეგად 5 პირი დააკავა.

გეშევის თქმით, სამი მათგანი მოლდოვური წარმოშობისაა, ორი კი - ქურთული. 

"ბრალდება 5 ადამიანს წაუყენეს. ისინი ორ ჯგუფად ნაწილდება - სხვა ქვეყანაში ტერორისტული აქტების მხარდაჭერისთვის, კერძოდ, სტამბოლის ტერაქტისთვის და ადამიანებით ვაჭრობისთვის". - თქვა გეშევმა და დასძინა, რომ ბრალდებულები ძირითადად თურქეთის გავლით ადამიანებით ვაჭრობასა და კონტრაბანდაში იყვნენ ჩართულნი.

თუმცა, მოგვიანებით, ბულგარეთის სასამართლომ დახურულ სხდომაზე დაადგინა, რომ 4 მათგანი შესაძლოა წინასწარ პატიმრობაში ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით დარჩნენ, ვინაიდან სასამართლოს საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია იმისთვის, რომ ციხეში ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით აღმოჩნდნენ.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო გასულ კვირას სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში სეპარატისტ ქურთებს, კერძოდ ქურთისტანის მუშათა პარტიასა(PKK) და სირიაში მოქმედ სახალხო დაცვის შენაერთებს (YPG) ადანაშაულებს. ეს ჯგუფები თურქეთს ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, თავდასხმა ჩრდილოეთ სირიაში, ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიგეგმა. კერძოდ, სოილუმის თქმით, აფეთქების ბრძანება ქალაქი აინ ალ-არაბიდან იყო გაცემული, სადაც PKK-სა და YPG-ს შტაბბინებია.

აფეთქება ისთიქლალის ქუჩაზე მოხდა მაშინ, როდესაც ქალაქის ეს წერტილი ყველაზე დატვირთული იყო. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ბექირ ბოზდაღმა თქვა, რომ ამ ტერიტორიაზე შენიშნეს ქალი, რომელიც სკამზე 45 წუთის განმავლობაში იჯდა და "აფეთქება მისი წასვლიდან რამდენიმე წამში მოხდა". 

ქურთისტანის მუშათა პარტიამ (PKK) სტამბოლში მომხდარ ტერაქტში მონაწილეობასთან დაკავშირებული ბრალდებები უარყო. მათი თქმით, პარტიის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის. 

13 ნოემბერს აფეთქებას, მინიმუმ, 6 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც The Guardian-ი წერს, დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავებულია 79.


PKK ანკარას, ვაშინგტონისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ამ ჯგუფთან კავშირშია YPG-იც, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებად თურქეთის მიერაა გამოცხადებული, თუმცა აშშ-ს მხარდაჭერილი სირიული დემოკრატიული ძალების ნაწილია. სირიის დემოკრატიული ძალები სირიაში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ ჯგუფებს ებრძოდა.

"ტერორისტული თავდასხმები ჩვენს მოქალაქეებზე ზოგიერთი ქვეყნის მიერ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერის პირდაპირი და არაპირდაპირი შედეგებია". – თქვა თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების მეთაურმა, ფაჰრეტინ ალთუნმა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირობა დადო, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

PKK ხშირად ხდება თურქეთის ოპერაციების სამიზნე ჩრდილოეთ ერაყში, სადაც ასევე ქურთები ცხოვრობენ. ამას გარდა ანკარა შვედეთის NATO-ში შესვლას ბლოკავს ბრალდების გამო, რომ ისინი PKK-ს მფარველობენ.

კომენტარები