ათათურქის აეროპორტში 28 ივნისს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით თურქეთის პოლიციამ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით კიდევ 11 ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ თურქული სამაუწყებლო კომპანია Haberturk Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. თურქი სამართალმადაცავები გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
თურქული მედიისვე ინფორმაციით, სპეცოპერაცია სტამბოლის ევროპული მხარის ერთ-ერთ უბანში ჩატარდა.
თუკი გავრცელებული ინფორმაცია 11 ეჭვიტანილის დაკავების შესახებ მართალი აღმოჩნდება, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებულ ეჭვმიტანილთა რიცხვი 24-მდე გაიზრდება.
ცნობისათვის, 28 ივნისს სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს 44 ადამიანი ემსხვერპლა, 230-ზე მეტი კი დაშავდა.
აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან სავარაუდო კავშირის ბრალდებით 30 ივნისს 13 პირი დააკავეს.