Theranos

"დაავადებების დადგენა სისხლის წვეთით" – ჰოლმსს თაღლითობისთვის 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

BBC

Theranos-ის დამფუძნებელ ელიზაბეთ ჰოლმსს სასამართლომ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჰოლმსი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ შექმნა ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ადამიანის სისხლის მხოლოდ რამდენიმე წვეთით შეძლებდა მისი დაავადებების დადგენას - მათ შორის, კიბოსა და დიაბეტის. 

ელიზაბეთ ჰოლმსის სასამართლო პროცესი კალიფორნიაში გაიმართა - პროკურორები 15-წლიან პატიმრობასა და ინვესტორებისთვის ზარალის, $800 მლნ-ის ანაზღაურებას მოითხოვდნენ. 

ელიზაბეთ ჰოლმსმა Theranos-ი 19 წლის ასაკში, სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლის შეწყვეტის შემდეგ შექმნა. კომპანიის ღირებულება [$9 მლრდ-ზე მეტი] მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც განაცხადეს, რომ დაავადებათა დიაგნოსტიკაში რევოლუციური ცვლილებების შეტანა შეეძლოთ. ჰოლმსს "მომდევნო სტივ ჯობსად" მოიხსენიებდნენ და ამბობდნენ, რომ ის იყო ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელი ქალი, რომელმაც ამ წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწია.  

თუმცა, მომდევნო წლებში აღმოჩნდა, რომ ტექნოლოგია, რომელსაც, კომპანიის მტკიცებით, სისხლის რამდენიმე წვეთით დაავადებები უნდა დაედგინა, არ მუშაობდა. Theranos-ი 2018 წელს დაიშალა.  

სასამართლოზე პროკურორებმა თქვეს, რომ ელიზაბეთ ჰოლმსმა განზრახ შეიყვანა შეცდომაში ექიმები და პაციენტები, როდესაც Theranos-ის მიერ შექმნილი აპარატის, Edison-ის ეფექტიანობაში არწმუნებდა. მათივე განცხადებით, ჰოლმსმა მოატყუა ინვესტორებსაც. 

სასამართლოზე ჰოლმსმა ინვესტორებსა და პაციენტებს ბოდიში მოუხადა. 

"განადგურებული ვარ ჩემი წარუმატებლობით. დიდ ტკივილს ვგრძნობ იმის გამო, რაც ადამიანებმა გამოიარეს, რადგან მე მათ იმედები გავუცრუე. ვნანობ ჩემს წარუმატებლობას ჩემი სხეულის ყველა ნაწილით". - თქვა მან. 

მოსამართლემ ჰოლმსს უპასუხა, რომ მარცხი ნორმალურია, თუმცა მარცხი, რომელიც თაღლითობითაა გამოწვეული - არა.  

ელიზაბეთ ჰოლმსს 1 შვილი ჰყავს, ის ორსულადაა. მოსალოდნელია, რომ ჰოლმსი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 

კომენტარები